25.იანვარი .2022 20:40

“ჭკვიანი კამერების უმეტესობა ტექ.ინსპექტირების ვადაგადაცილებაზე არ რეაგირებს”- მესხიშვილი

“ჭკვიანი კამერების უმეტესობა ტექ.ინსპექტირების ვადაგადაცილებაზე  არ რეაგირებს”- მესხიშვილი
views 4119
უკან

ტექინსპექტირების ცენტრებმა პრემიერს, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს მიმართეს. კომპანიები ტექინსპექტირების რეფორმის აღსრულებას ითხოვენ.

წერილში კომპანიები აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები პერიოდულ სავალდებულო ინსპექტირებას თავს არიდებენ.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ რეფორმა, რომელიც 3 წელზე მეტია ქვეყანაში დაიწყო, ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ჭკვიანი კამერების დიდი ნაწილი, რომელმაც უნდა დააფიქსიროს ამ მიმართულებით არსებული დარღვევები, არ მუშაობს. მესხიშვილის განმარტებით, ქალაქში გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე გადაადგილდებიან.

“ადრე ვამბობდი, რომ დადგებოდა რეფორმის ჩავარდნის საფრთხე, ახლა ვამბობ, რომ რეფორმა ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დგას. იმდენად მწვავეა დღეს პრობლემა, რომ ამაზე ხმის არ ამოღება, ნიშნავს უბრალოდ გაჩერებას და სფეროს ჩავარდნას. ბიზნესმა თავის დროზე მიიღო დაპირება, რომ კანონის აღსრულება იქნებოდა სათანადო დონეზე, შესაბამისად, იქნებოდა მიმართვიანობაც. ბიზნესმა ამის გამო დამატებით 50 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი მოიზიდა და ინვესტიცია განახორციელა. დღეს სფერო ღაფავს სულს, სუფთა ბიზნესის ნაწილში თუ შევხედავთ. კამერების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ინსპექტირების ვადა გადაცილებაზე არ რეაგირებს. მხოლოდ რამდენიმე ერთეულია ჩართული ქვეყნის მასშტაბით”-ამბობს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი.