მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილის გადამმუშავებელი და საშრობი საწარმო გაიხსნა - ინვესტიცია 680,440 ლარია

62fe6847976e4
BM.GE
18.08.22 23:35
846
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 680,440 ლარიანი, ინვესტიციით თხილის გადამმუშავებელი და საშრობი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საწარმოს წლიურად 300-500 ტონამდე თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი.

"„მეგაგრო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამმუშავებელი საწარმოა, სადაც, წლიურად, 300-500 ტონამდე თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 680,440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი კომპანიამ ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ, „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ დახმარებით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დანერგა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 30,000 ლარი შეადგინა.კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღნიშნული საწარმო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ დაათვალიერეს.

„თხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი აგრარული პროდუქტია. ბაზარი სრულად დივერსიფიცირებულია და პროდუქცია თითქმის მთლიანად ევროკავშირში გადის. შარშან, დაახლოებით, 114 მლნ დოლარის ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენჯერმე აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, მეთხილეობის დარგისთვის დიდი გამოწვევაა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა.

„სახელმწიფო, წლებია, ფერმერებთან ერთად, ებრძვის ამ მავნებელს; გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც გამოიხატება მოსავლიანობის ზრდაში. წელს გაცილებით უხვი მოსავალი გვექნება, ვიდრე 2018-2019 წლებში, თუმცა, რჩება გამოწვევები ხარისხის კუთხით. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს თხილის ხარისხი, პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ფერმერებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი და ფერმერების შემოსავალი სტაბილურად მზარდი იყოს. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95,823,868 ლარი შეადგინა. გურიის რეგიონში, ამავე პროექტის ფარგლებში, 13 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობა 5,791,509 ლარია. თხილის სექტორის განვითარებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40,088,824 ლარის ოდენობის 226 შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული, მათ შორის, გურიის რეგიონში 3,546,597 ლარის ოდენობის 11 შეღავათიანი სესხი.