მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩუტყვავილას დაავადების მძიმე მიმდინარეობა იშვიათია“ - ივანე ჩხაიძე

646cea77aab46
სალომე ხიდურელი
23.05.23 20:35
799
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მედიაჰოლდინგ „კვირაში“ ჩუტყვავილას აფეთქებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2018 წლის შემდეგ, პირველად ფიქსირდება შემთხვევების სერიოზული მატება.

„ჩუტყვავილას აქვს ერთი თვისება - ციკლურობა. ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ, ყველა ქვეყანაში, შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში გვქონდა 2018 წელს - 10 196 შემთხვევა მაშინ, როცა, სტანდარტულად, 3-4 000 შემთხვევა ფიქსირდება ხოლმე.

2018 წელს იყო სერიოზული მატება. 2022 წელს სულ 2 600 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ წელს ისევ გვაქვს აფეთქება და პირველ ოთხ თვეში, იანვრიდან-აპრილამდე 3118 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2023 წელი ამ მხრივ გამორჩეული იქნება და გვექნება 10 000-მდე შემთხვევა წლის განმავლობაში“, - ამბობს ექიმი ივანე ჩხაიძე.

მან ჩუტყვავილაზე კოვიდპანდემიის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს ქვეყანაში მხოლოდ 537 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას, ივანე ჩხაიძის განმარტებით, გართულებებისა და გარდაცვალების ფაქტები იშვიათია.

„ის სტატისტიკა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს, ასეთ თანაფარდობას აფიქსირებს - 1 გარდაცვლილი 100 000 ინფიცირებულზე. საქართველოში ზუსტად ამ სტატისტიკის შესაბამისად, ძალიან იშვიათია გარდაცვალების შემთხვევები და შესაძლებელია, ინფექციის მატების პერიოდში, ქვეყანაში ერთი გარდაცვლილი დაფიქსირდეს. მაგალითად, წითელას შემთხვევაში, ეს თანაფარდობა არის 1:3 000, ის გაცილებით მძიმე დაავადებაა და მეტ გართულებას იწვევს.

ჩუტყვავილას გართულებებიდან ყველაზე მთავარია მეორადი ბაქტერიული ინფექცია, გამონაყარი შეიძლება დაინფიცირდეს და განვითარდეს ბაქტერიული სუპერ ინფექცია, რამაც შეიძლება, მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს: ფილტვების ანთება, სისტემური ანთებითი პასუხი და სხვ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

გარდა ამისა, პროფესორმა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით, აუცილებელი ვაქცინების ჩამონათვალში ის მხოლოდ 12 ქვეყანაში ხვდება.

„დღესდღეობით ჯანმო არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამისთვის მას აქვს ორი არგუმენტი: 1. დაავადების მიმდინარეობა არ არის მძიმე და არ საჭიროებს ამას და 2. აუცილებელია მოსახლეობის 80%-ის მოცვა. თუ ამ მაჩვენებელს ვერ მივაღწიეთ, ეს მოგვცემს ჩუტყვავილას შემთხვევების მატებას მოზრდილებში, სადაც დაავადება გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს“, - თქვა ივანე ჩხაიძემ.