მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ და ბატონ ივანიშვილს საქმიანობა განუცხადებელი სანქციების პირობებში გვიწევს - ვიქტორ ყიფიანი

62a25d1fa3068
ალა ისპირიანი
10.06.22 00:52
1286
"ჩვენ და ბატონ ივანიშვილს საქმიანობა განუცხადებელი სანქციების პირობებში გვიწევს" - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ,,იმედის" ეთერში, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"როდესაც სიტყვა სანქცია გესმის, ყოველთვის მოლოდინში ხარ, რომ ეს კონკრეტული ფაქტებით და გარემოებებით გამტკიცებული იქნება. ჩვენ მერამდენედ ვხვდებით ასეთ შემთხვევას, როდესაც ისეთი სერიოზული დატვირთვის მატარებელი სიტყვა, როგორიც სანქციაა, ტრიალებს ქართულ სივრცეში და არა მარტო ქართულში, მაგრამ მისი დაჯერება არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მინდა ამ თემის საგნობრივ განხილვაში შევიდე, ჩვენ ამის საშუალებას მოკლებული ვართ და იმედგაცრუება შემიძლია გამოვხატო. 

24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა: ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. ჩვენ ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. არაერთი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ ასეთი სანქციები გაცხადდა. ფაქტობრივად, ჩვენ და ბატონ ივანიშვილს გვიწევს საქმიანობა და ამ თემასთან ჭიდილი განუცხადებელი სანქციების პირობებში“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

რაც შეეხება კითხვას, რეზოლუციაში ჩანაწერი და ის მოვლენები, რაც 4 მარტის შემდგომ ხდებოდა, არის თუ არა ლოგიკური ჯაჭვის გაგრძელება - ვიქტორ ყიფიანმა უპასუხა, რომ შესაძლოა.

"ლოგიკის მიხედვით შეიძლება ადამიანმა რაღაც კავშირები მოძებნო და ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირო. ჩვენ საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ ბრალდებები ხელაღებით გავისროლოთ ვინმეს მისამართით, როგორც ეს ჩვენი მისამართითაა, მაგრამ ფატია, რომ გარკვეული გარემოებების თანხვედრა საეჭვო ვარაუდების წაკითხვის საშუალებას იძლევა", - განაცხადა ყიფიანმა.

ცნობისთვის, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადება 11 მაისს გაავრცელა.