მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ დავაყენეთ 3 საკითხი“ - „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და მთავრობას შორის შეხვედრა დასრულდა

60789dadaa004
თამთა ჯიჯავაძე
16.04.21 00:05
7662
გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, იმიტომ რომ დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა მათი მხრიდან, - ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქტივისტებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც გოლეთიანმა მედიას განუცხადა, აქტივისტებმა სამი საკითხი დააყენეს.

„ჩვენ დავაყენეთ სამი საკითხი, იმისთვის რომ გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის. კერძოდ, შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაში არის, ალაგდეს ბარიკადები; შეწყდეს სამუშაო პროცესები ხეობაში; და დავუბრუდეთ პროტესტის მშვიდობიან ადგილს და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი.

ამ პირობებზე ველოდებით მათგან პასუხებს. მათ თქვეს, რომ მოცემულ მომენტში არ შეუძლიათ პასუხი გაგვცენ, რამდენიმე დღე არის ალაბთ პასუხებისთვის საჭირო, მიზეზად პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

ჩვენ რომ გადავიდეთ დიალოგის შემდგომ ეტაპზე, ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. ამის შემდეგ ვისაუბრებთ მიწასთან, ხელშეკრულებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. მასში მონაწილეობდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან: პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.