მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გვქონდა გამოწვევებით სავსე ზაფხული - მარიამ ქვრივიშვილი

5dc99bdc0a2a9
BM.GE
11.11.19 21:35
1422
ჩვენ გვქონდა გამოწვევებით სავსე ზაფხული, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის მიმდინარე წლის მონაცემები არ არის ის, რასაც ისინი წლის დასაწყისში ელოდნენ.

„ეს იყო ძალიან მწვავე გამოწვევა. ჩვენ ერთ დღეში დავდექით იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც გულისხმობდა დღეში საშუალოდ 10-15 პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გაუქმებას.

დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ ის მოცემულობა, რომელიც ეხება ზაფხულის სეზონს. ჩვენი ტურიზმის სექტორის შემოსავლები გაზრდილია, წინასწარი მონაცემებით, 0.9 პროცენტით. მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად გავაალანიზოთ, რა გზა გამოვიარეთ იქამდე, რომ დღეს ამ ციფრებამდე მოვსულიყავით. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ველოდებოდით წლის დასაწყისში, იმიტომ რომ წლევანდელი წელი უნდა ყოფილიყო გამორჩეული მაღალი მაჩვენებლით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2020 წლის ყველა ის სტრატეგიული მიმართულება ჩამოყალიბებული აქვს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია:

„დაყოფილი გვაქვს პირველადი, მეორადი და შორი მანძილის ქვეყნები. პირველად პრიორიტეტში ხვდება ყველა ის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი პრიორიტეტია, და ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს სტუმართმასპინძლობას და სტუმართმოყვარეობას“.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ იყო გათვალისწინებული ხარჯები მიმდინარე წელს რუსეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიის წარმოების მიზნით. მისი თქმით, რუსეთში საქართველოს პოზიციონირება სწორად აქვს განხორციელებული და აღარ იყო საჭირო ამ ქვეყანაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება.

„2019 წელს ჩვენ მივედით იმ ლოგიკურ დასკვნამდე რომ საქართველო აღარ საჭიროებდა ქვეყნის ცნობადობის მეტ ამაღლებას უშუალოდ რუსეთის ბაზარზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სახმელეთო ნაწილში საკმაოდ პოზიტიური ტრენდია რუსეთიდან შემომავალი მოგზაურების. რაც ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი საჰაერო რეისების არქონის მიუხედავად, ადამიანებს მაინც აქვთ ძალიან პოზიტიური შეხედულება ჩვენს ქვეყანაზე. რაც სწორი პოზიციონირების შედეგია.

ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფო დახარჯავს და მიმართავს რესურსს იმ ქვეყნებში, რომლებიც არის ახალი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, შორი მანძილის ქვეყნები, იაპონია, ჩინეთი, აშშ. ჩვენი პრირორიტეტი არის ახალი ბაზრების შემოყვანა ჩვენს ტურისტულ სექტორში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისად, ზრდა +0.9%-ია. წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 267 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო , რაც 13 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.