09.მარტი .2020 21:52

ჩვენ მოგვიწევს COVID-19-თან თანაცხოვრება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

views 2791
უკან

ჩვენ მოგვიწევს COVID-19-თან თანაცხოვრება, - ამ სათაურით ზურაბ ჭიაბერაშვილი "ფეისბუქზე" ვრცელ ინფორმაციულ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა იგი 12-18 თვეში იქნება. გრიპის ვაქცინა არსებობს, მაგრამ (ა) იგი არ უზრუნველყოფს 100%-იან იმუნიტეტს (თუმცა აუცილებლად უნდა ავიცრათ სეზონურად!); და (ბ) სამწუხაროდ, ყველა არ იცრება. შესაბამისად, უნდა ველოდეთ, რომ ვაქცინა იქნება, მაგრამ ეს COVID-19-ს არ გააქრობს

- საუკეთესო შემთხვევაში, COVID-19-ს ექნება გრიპის მსგავსი სეზონურობა, მაგრამ ეს ჯერ არ ვიცით. ამ საუკეთესო შემთხვევაშიც, COVID-19 ნოემბრიდან ისევ დიდი გამოწვევა იქნება. თუ მას სეზონურობა არ ექნა, მაშინ იგი მიმდინარე დიდი გამოწვევაა უკვე

- COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსულ პრეპარატზე მუშაობა ასევე მიმდინარეობს და აქაც დამაიმედებელი პროგნოზია. იგი იქნება, თუმცა ამასაც დრო სჭირდება

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიმეორებ, ჩვენ მოგვიწევს COVID-19-თან თანაცხოვრება.

ამ მოცემულობაში 4 რამეს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა:

1. ჩვენს მუდმივ ზრუნვას ინდივიდუალურად ჩვენს ჯანმრთელობასა და იმუნური სისტემის სიჯანსაღეზე. "რა უჭირს ერთ ღერ სიგარეტს" ან "რა უჭირს ერთით მეტ ჭიქა სასმელს" ან "რა უჭირს ერთი ნაჭრით მეტ ხაჭაპურს" აღარ უნდა იყოს მისაღები. რაც უფრო დაუდევრები ვიქნებით ამ კუთხით, მით გაგვიჭირდება ინდივიდუალურად ვირუსთან გამკლავება. ცხოვრების ჯანსაღი წესი აუცილებლობაა.

2. ჩვენს სოციალურ ქცევას - დაწყებული პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენიდან დამთავრებული სახლსგარე კონტაქტების მინიმიზაციით

3. დიაგნოსტიკური სიმძლავრეების არსებობას. სამხრეთ კორეაში საშუალოზე დაბალი სიკვდილიანობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ფართო დიაგნოსტიკამ მეტი შემთხვევა გამოავლინა, რომლის ფონზე გარდაცვალების შემხთხვევები გაცილებით ნაკლები პროცენტი აღმოჩნდა. ეს მნიშვნელოვანია ეპიდსურათის დასანახად

4. ჰოსპიტალური სექტორის მზაობას გართულებული შემთხვევების სამკურნალოდ: ინფრასტრუქტურა, აპარატურა, მედპერსონალი, გაიდალიანი და პროტოკოლი

პანიკა და აჟიოტაჟი არაფერს გვარგებს. რაც უფრო რაციონალურიები ვიქნებით ინდივიდუალურად და კოლექტიურად, მით მეტად ვიქნებით დაცულები და მით ნაკლებ სიცოცხლეს წაგვართმევს COVID-19", - წერს ჭიაბერაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა