მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ ველოდებით არჩევნების ჩავლას“ – „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი

6146f9894a604
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.21 13:12
2212
„ჩვენ ველოდებით არჩევნების ჩავლას“, - ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველების" ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა facebook-ჩართვაში განაცხადა. მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც რიონის ხეობის მცველებმა საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი დატოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ მედიაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და პირველი შეხვედრის შემდეგ ვარლამ გოლეთიანი შეხვედრის შედეგებით კმაყოფილი იყო.

დღეს კი რიონის ხეობის მცველების ლიდერი აცხადებს, რომ დეესკალაციის პროცესი არ გრძელდება და კომპანია „ენკა“ მდგომარეობის დაძაბვას ცდილობს.

„ყოველდღიურად ხეობის შესასვლელთან მოდის „ენკა“ ორი ტრაილერით, ამ პროცესს იღებენ დრონით და მიდიან უკან. მედიაციის პროცესი შედგებოდა ორი ნაწილისგან, პირველი ე.წ. დეესკელაციის ნაწილია. იმისთვის, რომ დაწყებულიყო შინაარსობრივი საუბრები, უნდა შესრულებულიყო ჩვენი პირობები, რომელიც დასაწყისშივე დავაყენეთ, თუმცა ეს დეესკელაციის პროცესი ვერ შედგა, რადგან „ენკა“ თავიდანვე უნდობლობას უცხადებდა ამ პროცესს და არც ერთ შეხვედრაში მონაწილება არ მიუღია, ამ ხეობაში დამოუკიდებლად მოქმედებს და ცდილობს, რომ მდგომარეობა დაიძაბოს.

მეორე ფაქტორი ჩვენი მედიაციის პროცესის დატოვებისა ის არის, რომ პროტესტის გამოხატვის საშუალება ხეობის შიგნით არ გვეძლეოდა, რადგან ბარიკადები იყო აღმართული. ეს ბარიკადები ვიზუალურად აიღეს და ჩაითვალა, რომ ეს ჩვენი პირობების დაკმაყოფილება იყო, თუმცა შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა, რადგან აქ დღესაც დგას პოლიცია და ბოლო სამი თვეა მოწყობილი ბლოგპოსტი. შესაბამისად, პროტესტის გამოხატვის საშუალება ხეობაში არ გვეძლევა“, - განმარტავს ვარლამ გოლეთანი.

მისი ინფორმაციით, მედიატორმა დეესკალაციის ნაწილი ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტების არქონის გამო დატოვა და დაიწყო ტექნიკური ნაწილი, რაც საერთაშორისო კომპანიის შერჩევის პროცედურებს გულისხმობს, რომელიც ნამახვანჰესების კასკადზე კვლევას ჩაატარებს. პროცესში რჩებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან როგორ წარიმართება ეს პროცესი.

„ისეთი კაბალური პირობებით არის შემოსული „ენკა“ აქ, რომ ხელისუფლება ამ პირობებს ვერ შეცვლის, ამიტომ „ენკამ“ ყველა შემთხვევაში უნდა დატოვოს რიონის ხეობა. მათ ეს არ უნდათ და ეცდებიან საზოგადოების დაარწმუნონ, რომ რაღაც შეცვალეს და ა.შ. თუ ჩვენ დიდი აქციის გაკეთება დაგვჭირდება, იმაზე მეტი უნდა ვიყოთ ვიდრე ბოლო აქციაზე ვიყავით. მთავარია  საქმე, რისთვისაც ვართ, წინ მიდის. რთული პროცესია, მაგრამ ასეთი საქმეები მარტივად არ წყდება. ჯერჯერობით, ჩვენს ბრძოლას შედეგი აქვს და მთავარია არ გავტყდეთ“, - ამბობს „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი.

ცნობისთვის: რიონის ხეობის მცველები „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პროტესტს 326 დღეა აგრძელებენ და ითხოვენ:

1. გაწყდეს 2019 წ.25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

რა წინაპირობები აქვს "ნამახვანჰესის" ინვესტორს საარბიტრაჟო დავის დასაწყებად?