მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ვეუბნებით სახელმწიფოს, შეიმცირე შენი ხარჯი და დაახარჯე მოსახლეობას - ლევან ვეფხვაძე

60d3497bbf7aa
ინგა მურუსიძე
10.07.21 10:22
791
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ადგილობრივმა მოსახლეობამ კონკრეტული სარგებელი უნდა ნახოს. მაგალითისთვის BAG-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით პროექტები მოჰყავს და ამბობს, რომ ამ პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსის ნაწილი სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მოხმარდეს.

„მთავარი პრობლემა დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს არის ის, უნდა ჰქონდეს თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია ინვესტორს და მეორე, რა გრძელვადიანი სარგებელი შეიძლება ნახოს ადგილობრივმა მოსახლეობამ კონკრეტული ჰიდროელექტროსადგურისგან. ეს ორივე ლეგიტიმური კითხვაა, რადგან პირველ შემთხვევაში უკვე ვნახეთ რამდენი პრობლემა შეიქმნა, როცა ერთი ერთზე დავტოვეთ ინვესტორი მოსახლეობასთან და მეორე, ინვესტორისგან ისმის აბსოლუტურად ლოგიკური კითხვები - მე ვიმუშავებ მშენებლობაზე და მერე რა? რა გრძელვადიანი სარგებელი მექნება? ორივე პრობლემას გარკვეული გადაწყვეტა შეიძლება მოერგოს - ეს უკავშირდება ქონების გადასახადს.

ვეუბნებით მთავრობას, იქნებ ამ ფულის ნაწილი პირდაპირ მოხმარდეს იმ მოსახლეობას, რომელსაც ეხება ეს ჰესი, ან ინფრასტრუქტურული პროექტი. შეიძლება რაღაცა ნეგატიური გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს პროექტს და ეს უნდა დავაკომპენსიროთ ფინანსური რესურსით“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, ფინანსები შეიძლება მიემართოს სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის განათლებაში ინვესტირებისთვის, მოწესრიგდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, გზები და ა.შ. ბევრი პრობლემა არსებობს, რომლითაც შეიძლება ადგილზე მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა.

მაგალითისთვის ლევან ვეფხვაძემ მოიყვანა „ნამახვანჰესის“ პროექტი. მისი თქმით, თუ მოსახლეობა გარკვეული ზიანის კომპენსირებას მიიღებს, ადგილობრივები შესაძლოა პროექტის განხორციელებას დათანხმდნენ.

„ჩვენ ვეუბნებით სახელმწიფოს, შეიმცირე შენი ხარჯი და დაახარჯე მოსახლეობას. ამით კი გააკეთე ის საქმე, რაც ისედაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, ამაზე მთავრობასთან იყო საუბარი, გაჩნდა იდეაც, რომ რისკები აეღო სახელმწიფოს თავის თავზე და ა.შ, თუმცა საბოლოო პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.