მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ წარმოებულ შპალერზე მოთხოვნა 60%-ით შეგვიმცირდა“ - "კონტაკი" მიზეზებზე

6389d280ce03f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.22 16:34
890
თბილისში, მოქმედი ქაღალდის შპალერის საწარმო „კონტეკს“ პროდუქციაზე მოთხოვნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში 60%-ით შემცირდა. კომპანიის წარმომადგენელი დალი მაისურაძე BM.GE-სთან ამის მიზეზად, გერმანიიდან მეორეული შპალერის იმპორტს ასახელებს და აცხადებს, რომ დღეს კომპანია ნაწილობრივად იმპორტზეა გადართული.

კომპანია „კონტაკიმ“ შპალერის საწარმო აეროპორტის დასახლებაში 50 000 დოლარის ინვესტიციით 2009 წელს აამოქმედა და დღემდე ადგილობრივი წარმოების შპალერს 3.5 ლარად მაღაზიებში ყიდის. ბაზარზე მისი გასაყიდი საბოლოო ღირებულება კი 5 ლარამდეა.

დალი მაისურაძე ამბობს, რომ მოთხოვნის კლების მიუხედავად წარმოების გაჩერებას არ აპირებენ და იმ მცირე დაკვეთებს შეასრულებენ, რაც რეგიონებიდან მოდის.

„ორი წელია მუშაობა ჩავარდა და პროდუქციას შეზღუდული რაოდენობით ვაწარმოებთ. მიზეზი მეორეული გერმანული შპალერის იმპორტია, რომელიც დაბალ ფასად შემოდის. ამის გამო ჩვენი წარმოების ქაღალდის შპალერზე მოთხოვნა შემცირდა. მომხმარებელს ურჩევნია მცირედ დაზიანებული გერმანული შპალერი იმავე ფასად შეიძინოს, რაც ჩვენ პროდუქტს აქვს.

ორი წლის განმავლობაში მოთხოვნა ჩვენს ნაწარმზე დაახლოებით 60%-ით შემცირდა და ჩვენც იძულებულები ვიყავით ნაწილობრივ იმპორტზე გადავსულიყავით. დღეს ჩვენი ნაწარმოებ და გერმანულ მეორეულ შპალერს ერთად ვყიდით.

წარმოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ მის გაჩერებას არ ვაპირებთ, მით უფრო მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ სოფლებიდან შპალერზე დაკვეთები კვლავ შემოდის და ამიტომ საწარმო მცირე დატვირთვით, თუმცა მუშაობს“, - აღნიშნა დალი მაისურაძემ.

მისივე ინფორმაციით, თუ კომპანია მოთხოვნის შემცირებამდე წლიურად მინიმუმ 30 ტონამდე შპალერს აწარმოებდა, წელს წარმადობა 10 ტონასაც არ აღწევს.

„შპალერის დიზაინის დასამზადებლად უკრაინაში მივდიოდით, თუმცა დღეს შემცირებული მოთხოვნის პირობებში, ამის საჭიროება აღარ გვაქვს. ძველი დიზაინებით ვაწარმოებთ. ქაღალდის შპალერის ღირებულება 3-3.5 ლარია და ბაზარზე დაახლოებით 4-5 ლარად იყიდება. სოფლებში მოთხოვნა ახლაც არის“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, საქმეში ოჯახის წევრები არიან ჩართულნი და პროდუქტის რეალიზებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღაზიებთან პარტნიორობით ახდენენ. მაგალითისთვის ქართული შპალერი მარნეულის, ქუთაისის, ზესტაფონის, ხაშურის, ზუგდიდის, ბათუმში, ოზურგეთის, ჩხოროწყუს შპალერის მაღაზიებში იყიდება.