მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი ინფლაცია გვაქვს და გვესმის რომ ეს მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება - მინისტრი

633eab137650c
ინგა მურუსიძე
06.10.22 14:21
577
ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ბევრი გამოწვევა არსებობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ამ წუთებში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მინისტრი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ინფლაციის მაჩვენებელს. ლევან დავითაშვილის თქმით, ინფლაცია ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„ჩვენ რეალისტები ვართ, არსებობს ბევრი გამოწვევა. გვესმის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მიწოდების ჯაჭვების რღვევამ, რუსეთისა და უკრაინის ომმა გამოიწვია გლობალური ინფლაცია, უპრეცედენტოდ მაღალი ინფლაცია ფიქსირდება მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებზე, სადაც წლის განმავლობაში ინფლაცია არ იყო აქტუალური.

ევროზონაში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს დღეს და რეკორდულია ინფლაცია აშშ-ში, აღარაფერს ვამბობ რეგიონის ქვეყნებზე, რომელთა მაჩვენებელი ჩვენსას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენც საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვაქვს და ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლისგან. გვესმის, რომ ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ჩვენ გვაქვს მჭიდრო, კოორდინირებული მუშაობა ეროვნულ ბანკთან და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ 11%-იან ნიშნულზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ვიდრე ინფლაციის წნეხი არ მოიხსნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.