10.ივნისი .2021 22:31

ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატო-ს სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - ზალკალიანი

ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატო-ს სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - ზალკალიანი
views 114
უკან

„საქართველოს თემატიკა ნატოს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში,რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი. ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დარწმუნებული ვარ,რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება,ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ,რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულენები,რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან.”- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა,ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ასახულია განსახილველი საკითხები და მათ შორის საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში სახელწოდებით- Support rules-based international order.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სამიტზე საქართველოს მოწვევის საკითხზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი უსაფუძვლო შენიშვნა გაჟღედრა,რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საქართველოს საკითხი სრულფასოვნად განიხილება ნატოს მოახლოებულ სამიტზე, რაც მინისტრის შეფასებით, სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური საქმიანობის შედეგი და დიდი წარმატებაა.

ამასთან, ზალკალიანის ინფორმაციით, დეკლარაციაში ასახული ასევე იქნება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოს თითოეულ წევრ ქვეყანასთან,ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან,ასევე ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები, ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მაქსიმალურად იყო გამოყენებული , რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული,რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა, ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს,როცა გამოქვეყნდება ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.