მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი დაგროვილი ვალი ვალია და სხვების დაგროვილი მილიონები, ვალი არ არის?!" – tv "პირველი"

5e04cfe64e1e9
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.19 19:21
999
ჩვენი დაგროვილი ვალი ვალია და სხვების დაგროვილი მილიონები, ვალი არ არის?! - განაცხადა tv “პირველის” კომერციულმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადების შეფასებისას „დღის ამბების“ ეთერში.

ნანა აბურჯანიძის თქმით, ტელეკომპანიას კარგად აქვს გააზრებული ვალდებულებები, რომელსაც თავს არასდროს აარიდებს, სწორედ ამიტომ tv “პირველმა“  ფინანსთა მინისტრს გადასახადების ვადის გადახდის გადავადების თხოვნით მიმართა.

„1 ოქტომბრამდე დაგროვილი ვალი ანუ 55 მლნ ლარი არის გაყინული, ეს არ არის ისეთი აღშფოთების საგანი და საგანგაშო და ჩვენ, ასე ვთქვათ, ორი თვის ვალი დაგვიგროვდა, რაზეც ვითხოვეთ 15 იანვრამდე ვადა, მაგრამ დაგვადეს ინკასო... ვიცით ჩვენი ფინანსები როდის შემოგვდის, რისი გადახდის საშუალება გვაქვს და ამიტომ იყო, რომ მივმართეთ კანონიერად, ოფიციალური წერილით, ეს არის საგანგაშო. იმ განცხადებას, რომ მან (იგულისხმება ფინანსთა მინისტრი) მიიღო პრევენციული ზომა და დაგვიცვა ჩვენ მომდევნო პრობლემებისგან, აბსოლუტურად ირონიულად მივიჩნევ. ჩემთვის ეს არის პოლიტიკური განცხადება, ეს არ არის ფინანსური საკითხი; მგონია, რომ ეს არის თავის მართლება ან გამოძრომა“, - თქვა აბურჯანიძემ.

Tv “პირველის” კომერციული დირექტორის შეფასებით, სხვა ტელევიზიებს გაცილებით მეტი ვალი აქვთ დაგროვილი სახელმწიფოს მიმართ, თუმცა მათი ანგარიშების გაყინვა არ ხდება.

„ხვალინდელ შეხვედრაზე (იგულისხმება ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრა) ჩვენთვის პრინციპული საკითხია, ასე ვთქვათ, გაყინული 55 მლნ, რომელიც სხვა ტელევიზიებს აქვთ ბიუჯეტში გადასახადელი“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ „პრობლემა მიდგომაშია“.

„ჩვენ არასდროს გავქცევივართ ვალდებულბებს. სულ ვამბობდით, რომ ის, რაც ჩვენ ბიუჯეტში უნდა გადავიხადოთ, არც დამაქცეველია და არც არაფერი; აქ ჩვენთან მიმართებაში მიდგომაშია პრობლემა ანუ ჩვენი დაგროვილი ვალი ვალია და სხვების დაგროვილი მილიონები ვალი არ არის?! მან ყველანაირი ახსნა შეიძლება მიაწოდოს საზოგადოებას, თუ როგორ ზრუნავდა ჩვენი ფინანსების გაჯანსაღებაზე ან როგორ აგვარიდებდა მომავალში მძიმე სურათს, თუმცა ეს სურათი ვერ დადგებოდა იმიტომ, რომ ჩვენი მიმართვა არ მოიცავდა უვადო გადავადებას ან რამის პატიებას“, - ამბობს tv “პირველის” კომერციული დირექტორი.

ამასთან, ნანა აბურჯანიძე სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელს ნინო ჯანგირაშვილს, თუმცა არ იზიარებს მის მოსაზრებას იმის შესახებ რომ ტელეკომპანიამ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს.

„მე ნინო ჯანგირაშვილისიც მესმის, იმიტომ რომ მაშინ როდესაც „იმედი“, „რუსთავი2“ და „მაესტრო“ ახმარდნენ ამ დაგროვილ მილიონებს არხის განვითარებას, ჩვენ და „კავკასია“ ბიუჯეტში ვიხდიდით გადასახადებს და ამ თანხებს არ მივმართავდით ჩვენი კეთილდღეობისთვის, არამედ მივმართავდით სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის. ბუნებრივად გვიჩნდება პროტესტი. მე არ ვიზიარებ ნინოს პოზიციას რომ რაიმე არ გადავიხადოთ. ეს მისი პოზიციაა, თუმცა აბსოლუტურად გაზიარებული გვაქვს ეს პროტესტი რომელიც მას აქვს“, - აცხადებს ნანა აბურჯანიძე.