მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია საქართველო დავდოთ გლობალურ მოდის რუკაზე - CROSTY

606891d19eab5
ელენე გოგბერაშვილი
03.04.21 21:20
1738

პრემიუმ ხარისხის ფეხსაცმლის ქართულ ბრენდს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე გლობალურად ამბიციური გეგმები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ CROSTY-ს საქართველოში უფრო ნაკლებად იცნობენ, ვიდრე მის საზღვრებს გარეთ, თუმცა ამასაც თავისი მიზეზი აქვს.

კომპანიის გეგმების შესახებ მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან გიორგაძემ #BMGDRIVE-ში ისაუბრა.

„CROSTY-ის მთავარი ღირებულება ფასი არ არის. ამ ბრენდის მთავარი ღირებულება არის თავისუფლება, რაზეც ის დავაფუძნეთ. ბრენდმა რომ იმუშაოს და სახელი დაიმკვიდროს ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრული იყოს კომუნიკაციაში და იმას, რასაც ამბობს, რეალურად აკეთებდეს. ხალხმა თუ ვერ აღიქვა ბრენდი, ისე როგორც ბრენდს უნდა რომ აღიქმებოდეს, უბრალოდ არ იმუშავებს.

ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ რა გავაკეთეთ გლობალურად, თუმცა ბევრი რამე ვქენით, მაგალითად სტეფ კარის ეცვა CROSTY, დანჯელო რასელს ეცვა CROSTY, ეს უკვე დიდი საქმეა, მაგათ მიღირდა ძალიან ბევრი რამე. ამერიკის ბაზარზე მეტნაკლებად გვიცნობენ. შედარებით ცოტა, მაგრამ გვიცნობს. ეს ჩვენი პარტნიორის ზაზას (ფაჩულიას) დიდი დამსახურება იყო, რომ კალათბურთის სუპერ ვარსკვლავებში გავერიეთ.

ჩვენი მიზანია საქართველო დავდოთ გლობალურ მოდის რუკაზე. საერთაშორისო გაყიდვები გვადარდებს, მაგრამ დაბადებული ვართ საქართველოში. ჩვენ შეიძლება ხვალ სხვადასხვა ქვეყნებში გვქონდეს მაღაზიები, შოურუმები, ოფისები, მაგრამ ეს არ ნიშნავს დაგვავიწყდეს, რომ საქართველოდან ვართ. ჩვენ აქ დავიბადეთ და ყოველთვის აქ იქნება ფუძე, მაგრამ ეს არ გიშლის ხელს იყო გლობალური“-აცხადებს ლევან გიორგაძე.

მისი თქმით, CROSTY-ის გაყიდვების 15% უცხოეთის ბაზრებზე, დანარჩენი წილი კი საქართველოზე მოდის. მალე კომპანიის გეგმაში თბილისში კონცეპტუალური მაღაზიის გახსნაც შედის.

„გავკეთეთ ბრენდი, გავხსენით საიტი, ყველგან შეგვიძლია ე.წ დილივერი ვაკეთოთ, ახლაც შეგვიძლია და დავიწყეთ აქტიურად კომუნიკაცია უცხოეთიდან მსოფლიოზე. შევხედეთ რა საინფორმაცო სივრცე იყო ისეთი, რომელსაც ყველა ქვეყანა უსმენს. საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ აშშ-ს პრესის მიერ დაწერილი ბევრად მეტ ქვეყანაში შეაღწევს, ვიდრე სხვა პრესის დაწერილი, ამიტომაც გლობალურ პრესასთან დავიწყეთ მუშაობა და გლობალურ სუპერვარსკვლავებთან, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ზაზა (ფაჩულია).

უცხოეთიდან შემოვიტანეთ ბრენდ კომუნიკაცია საქართველოში ქართულივე ბრენდმა, რასაც დიდი ეფექტი ჰქონდა, ბრენდის პოპულარობის აფეთქება მაგის დამსახურებაა, რომ უცხოური პრესით შემოვედით. ფორბსმა რომ დაწერა სტატია, სხვანაირად გვიყურებს ყველა.

CROSTY არის პრემიუმ კლასის ბრენდი. პროდუქტიც არის ძალიან მაღალი ხარისხის მასალებისგან დამზადებული და ძალიან მაღალი ხარისხის პროცესებით იკერება. დიდი ყურადღება ექცევა თითოეულ დეტალს, თითოეულ ნაკერს, მონაკვეთს. მუდმივად ვართ უკუკომუნიკაციაში მომხმარებელთან. ჩვენც სულ ვაკვირდებით თუ რა შეგვეშალა, რომ გამოვასწოროთ სასწრაფოდ. თუ რამე შეცდომა გაიპარა და მომხმარებლამდე მივიდა, ულაპარაკოდ ვცვლით და შეიძლება საჩუქრადაც გავუგზავნოთ. რადგან ამ ფასით ვღირვართ. ჩვენ გვესმის პასუხისმგებლობა და ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს.

ბიზნესმოდელი თავიდანვე აწყობილი გვქონდა ონლაინზე, ოფისიც მუშაობდა იქ, სადაც მოგვიხერხდებოდა. ისე გამოვიდა, რომ ეს ლოქდაუნიც ნაკლებად შეგვეხო, ძალიან ცოტა ხანი იყო წარმოება დეკეტილი, მარაგების ნაწილში რომ შეფერხება შეიქმნა. ამის მიუხედავად გვქონდა საკმარისი მარაგები და 2020-ში გავიზარდეთ 2019 წელთან შედარებით. 40%-იანი ზრდა გვქონდა, რაც ბრენდის ახალგაზრდობიდან გამომდინარე მაღალი რიცხვებია.

სტრატეგიის გადახედვაც მოხდა და გადავწყვიტეთ ჩვენი საკუთარი მაღაზიის გახსნა. იმედი მაქვს აპრილის ბოლოს მოვასწრებთ და გავხსნით მაღაზიას. დეტალები, მისამართი მალე გამოჩნდება, თუმცა ეს იქნება ქალაქის ცენტრალურ უბანში დიდი კონცეპტუალური მაღაზია“-აცხადებს გიორგაძე.