27.მაისი .2021 11:32

ჩვენი მომსახურება ძვირი არ არის, მაგრამ მეწარმეები მაინც წუწუნებენ - სახელმწიფო ლაბორატორია

ჩვენი მომსახურება ძვირი არ არის, მაგრამ მეწარმეები მაინც წუწუნებენ - სახელმწიფო ლაბორატორია
views 274
უკან

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანის განცხადებით, ევროკავშირი 135 პარამეტრზე ითხოვს თაფლის შემოწმებას, სახელმწიფო ლაბორატორია კი აღნიშნულ პროდუქტს უკვე 120 პარამეტრზე ტესტავს.

„DCFTA-ს ფარგლებში, როცა ევროკავშირთან ასოცირებაზე დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ჩვენი სამინისტროს ქოლგის ქვეშ დავიწყეთ მზაობა იმისთვის, რომ საქართველოდან გავიდეს ახალი, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროდუქტები. პირველ რიგში დავიწყეთ თაფლის შემოწმება. პოტენციურად, საქართველოს აქვს საშუალება, რომ ევროკავშირის ბაზარზე შეიტანოს თაფლი, რადგან ის ძალიან ძვირფასია. ჩემი პირადი აზრია, რომ ქართული თაფლი არა სუპერმარკეტში, არამედ აფთიაქებში უნდა გაიყიდოს.  135 პარამეტრი იყო ევროკავშირის მიერ შერჩეული, რაზეც თაფლი უნდა შემოწმდეს და მიიღოს სერტიფიკატი ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად. როცა საკითხი დაისვა, მაშინ 5 პარამეტრს ვამოწმებდით და ახლა უკვე 120-მდე ავდივართ. გავედით ბოლომდე და უკვე შეგვიძლია, საქართველოში წარმოებული თაფლი შემოწმდეს, რომელიც ვარგისიანობის შემთხვევაში მიიღებს სერტიფიკატს“, - განაცხადა გულედანმა და იმ მეწარმეებს უპასუხა, რომლებიც ამბობენ, რომ სახელმწიფო ლაბორატორიის მომსახურება ძალიან ძვირია.

„მეწარმეები ამბობენ, რომ ლაბორატორიული მომსახურეობა ძვირია, თუმცა ძვირი ნამდვილად არ არის. ევროპასთან შედარებით ფასები დაბალი გვაქვს, მაგრამ მეწარმეები მაინც წუწუნებენ. ევროპის სტანდარტის შესაბამისად, მოითხოვება ზესუფთა ანალიზის ჩატარება, რომელსაც ყველაფერი ზესუფთა ხარისხის სჭირდება და ყველაფერი თანხებს უკავშირდება. თუ თაფლი უნდა გავიდეს 10 და მეტი ტონა, იქ ერთი ანალიზის ჩატარება უკვე სასაცილო ხდება. თუმცა ამას ბიზნესის მხარე გადაწყვეტს, მაგრამ ფასები ძვირი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ირაკლი გულედანმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ლაბორატორიის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

რაც შეეხება კრიტიკას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში თაფლში პესტიციდების ანალიზი ვერ კეთდება, გულედანი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ლაბორატორია ამ მიმართულებითაც აკეთებს კვლევებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის ბაზარზე სახელმწიფო ლაბორატორიაში შემოწმებული თაფლი უკვე შევიდა. „ვინც მოინდომა, ბაზარზე შედის“, - აღნიშნა გულედანმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მეფუტკრეებს სჭირდებათ ბევრი ბარიერის გადალახვა იმისთვის, რომ სერტიფიკატი მიიღონ. მან მაგალითისთვის მოიყვანა ანტიბიოტიკებზე თაფლის შემოწმება, რასაც 10 დღე და 1000 ლარი სჭირდება. ამ ინფორმაციის პასუხად გულედანი ამბობს, რომ დადგენილი ვადა გონივრულია, რადგან თაფლის ნიმუში, რომელიც შედის ლაბორატორიაში, 135 პარამეტრზე მოწმდება და მას დიდი დრო სჭირდება.

„ლაბორატორიას წარმადობა არ ჰყოფნის, რადგან შეიძლება ერთდროულად შემოვიდეს რამდენიმე ნიმუში და საჭირო იყოს შემოწმება რამდენიმე პარამეტრზე. წელს ვიწყებთ ახალი შენობის რეაბილიტაციას, სადაც სურსათის მიმართულება გაფართოვდება და ა.შ. ეს კი შემოწმების ვადების შემცირებას შეუწყობს ხელს“, - ამბობს გულედანი და განმარტავს, რომ 10 დღე შემოწმებისთვის მაქსიმალური ვადაა.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა