მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს ბრენდების ბაზრიდან გადინება“ - "სითი მოლის" დირექტორი

60183ce16cb81
თამთა ჯიჯავაძე
01.02.21 23:17
961
დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა სავაჭრო ცენტრებმა და საცალო გაყიდვების ობიექტებმა შეზღუდვებით, თუმცა ფუნქციონირება განაახლეს. რაც შეეხება პირობებს, სავაჭრო ცენტრები და რითეილ სექტორი ოპერირებას ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით შეძლებენ, სამუშაო საათები კი 10:00-დან 19:00 საათამდეა.

როგორც გადაცემა „საქმის კურსში“ „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა აღნიშნა, გახსნიდან პირველივე დღეს მომხმარებელთა ნაკადების მცირედი ზრდა შეინიშნება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რაც მოსალოდნელი იყო.

„მომხმარებლის ნაკადები ოდნავ მეტია, ვიდრე წინა წლის თებერვალში და იანვრის ბოლოს, თუმცა, მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება, ვინაიდან ძირითადად მომხმარებელი სავაჭრო ცენტრებში შაბათ-კვირას დადის, ასევე 19:00 საათამდე შეზღუდვაც მოქმედებს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელ მუშაობს, ვერ ასწრებს მოსვლას“, - აღნიშნა ლევან მესხელმა.

მანვე დასძინა, რომ სამუშაო საათების გაზრდის საჭიროება, როგორც ეს წინასაახალწლო გახსნის დროს იყო, ამჯერად არ არის, ვინაიდან ზოგადად იანვარ-თებერვალი გადატვირთული თვეები არაა. „მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ხნით დაკეტილები ვიყავით, და მომხმარებლისთვის აუცილებელი იყო პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირველ კვირაში ველოდებოდით მომხმარებელთა ზრდას, რაც შეინიშნება კიდეც“, - დასძინა მან.

„სითი მოლის“ დირექტორმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის პრობლემებზეც ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ საკითხს ის გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს.

„რამდენად დაამძიმეს ეპიდვითარებას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამან გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უფრო დიდი პრობლემები შექმნას. ამ საკითხს შემოსავლების და ხარჯების კუთხით არ ვუყურებთ, იმიტომ რომ ხარჯი ამ ეტაპზე უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე შემოსავალი. აქ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ რაღაცნაირად ეს სექტორი არ ჩამოგვეშალოს და არ მოხდეს ბრენდების გადინება ბაზრიდან. მათი უკან შემობრუნება საკმაოდ დიდ თახებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ლევან მესხელმა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში როდესაც სავაჭრო ცენტრები დაკეტილი იყო, ისინი აგრძელებდნენ ბრენდპარტნიორებთან ურთიერთობას, რათა ისინი ბაზრიდან არ გასულიყვნენ.