მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი პოლიტიკაა ხორბალი ადგილზე გადამუშავდეს - ნათია თურნავა

619224caeec87
ინგა მურუსიძე
15.11.21 13:00
525
ქვეყანაში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება; ასეულობით ტონა ფქვილი კი დასაწყობებულია და კომპანიები მის რეალიზაციას ვეღარ ახერხებენ იმის გამო, რომ იმპორტირებულ რუსულ ფქვილს კონკურენციას ვეღარ უწევენ. მსოფლიო ბირჟაზე ხორბლის ღირებულება ბოლო ათწლეულის ისტორიულ მაქსიმუმზეა. მის ფასს კიდევ უფრო აძვირებს ხორბლის მთავარი მომწოდებლის, რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებული საბაჟო ტარიფი, რამაც ტონა ხორბალზე უკვე 77.1 დოლარს მიაღწია. BM.GE-ის ინფორმაციით, წისქვილკომბინატების ფუნქციონირების პრობლემასთან დაკავშირებით მთავრობაში უწყებათშორისო საბჭოა შექმნილი, რომელიც ხორბლის იმპორტიორებთან და გადამამუშავებლებთან კომუნიკაციით, გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ჰკითხეს - როგორი იქნება მთავრობის პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენი პოლიტიკა ბევრ სხვა სფეროშიც და მათ შორის მეპურეობის მიმართულებითაც მიმართულია იქითკენ, რომ აქ, ადგილზე მოხდეს გადამუშავება, მეტი სიმძლავრე შეიქმნას ამ კუთხით, მეტი დივერსიფიკაცია და კონკურენცია, რაც ყოველთვის კარგია ფასების დინამიკისთვის.

გარე ბაზრებზე მთელ რიგ პროდუქციაზე ხდება ფასების ზრდა, იგივე ნავთობის, გაზის ფასები იზრდება, ასევე ხორბალი, ზეთი არის ასეთი პროდუქტები. პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დივერსიფიკაციისკენ და ადგილზე საწარმოო სიმძლავრეების გაზრდისკენ, ყოველთვის არის ამ სირთულეების დამაბალანსებელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი 17 ნოემბრიდან 69.9-დან 77.1 დოლარამდე გაიზრდება. რუსული მედიის ცნობით, ქერის ექსპორტზე მოქმედი მცურავი ბაჟი 1 ტონაზე 54.8-დან 66 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 50.1 დოლარიდან 62.9 დოლარამდე გაიზრდება. ახალი საესპორტო გადასახადი კი 23 ნოემბრამდე იმოქმედებს. ხორბლის გაზრდილი ფასისა და მთავარ საიმპორტო ბაზარზე საბაჟო გადასახადების ზრდის შედეგად ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შემცირდა, ხოლო ფქვილის - გაიზარდა. საქართველოსთვის რუსეთი კი ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა.