მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი პოზიციონირება მსოფლიოში უნდა იყოს - ვაწარმოებთ ცოტას, მაგრამ ხარისხიანს" - "შუხმან ვაინსი"

5e2979241f879
ვიქტორია მღებრიშვილი
23.01.20 23:00
1821
ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ 2019 წელს ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში 5.6%-ით გაიზარდა და 1.5 მლნ ბოთლი შეადგინა.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, „შუხმან ვაინსის“ 15 დასახელების, როგორც ქვევრის, ასევე ევროპული წესით წარმოებული ღვინოების მიმართ ინტერესი მსოფლიოში მზარდია, შესაბამისად მათი წარმოების 97% სწორედ ექსპორტს უკავია.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აქცენტი ქართული ღვინის ხარისხზე გააკეთა და აღნიშნა : „ჩვენი პოზიციონირება მსოფლიოში უნდა იყოს ვაწარმოებთ ცოტას, მაგრამ ხარისხიანს“.

მისივე თქმით, ქვევრის ღვინოებს საექსპორტო ბაზრებზე სამჯერ მეტი ღირებულება აქვს, შესაბამისად მათი ღვინო მსოფლიო ბაზრებზე საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება.

„ყველა ბაზარზე სხვადასხვა ფასია, მაგალითად რუსეთის ბაზარზე საშუალოზე მაღალი ფასია, ევროპაში მაღალი საექსპორტო ფასია და აშშ-სა და აზიაშიც საკმაოდ მაღალი ფასებია. კომპანიის პოზიცია ასეთია, რომ არ დავაგდოთ ჩვენი ღვინის ფასი. ჩვენი მევენახეობის რესურსის მცირე ფართობებიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიციონირება მსოფლიოში უნდა იყოს ვაწარმოებთ ცოტას, მაგრამ ხარისხიანს. შესაბამისად რაღაც როდესაც ხარისხიანია და ნიშურია, ის უნდა ღირდეს მაღალი ფასი“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

„შუხმან ვაინსის“ გენერალურმა დირექტორმა აზიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, მათი პოზიციების გამყარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების მოწყობა იგეგმება.

„აზიის მიმართულებით მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და 2020 წელს ამ დიდ ბაზარზე ჩვენი პოზიციების გამყარებას ვგეგმავთ. ეს არის ძალიან რთული პროცესი, მით უმეტეს როდესაც ქართული ღვინო ახალი პროდუქტია მათთვის და ერთი მხრივ მომხმარებელს ვაჩვევთ და მეორე მხრივ, ხარისხზე ვმუშაობთ, რომ მუდმივად მაღალი ხარისხის ღვინო იყოს და არ იყოს რაიმე ცვლილებები ხარისხში. ეს იქნება ჰონგ-კონგის, სინგაპურის, ჩინეთში - პეკინისა და შანხაის მიმართულებით გარკვეული სახის აქტივობები.

ჩვენი ღვინოებით აშშ-შიც ვართ წარმოდგენილნი, თუმცა აქაც უფრო მეტად გავაქტიურდებით. ამერიკაზე ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, ერთი მხრივ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებიდან გამომდინარე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკელ იმპორტიორს უფრო მეტი შანსი ექნება თვითღირებულება შემცირდეს.

ხოლო მეორე მხრივ - ამერიკის შემთხვევაში არ ვიცი ქართულ ღვინოზე ეს რამდენად დადებითად შეიძლება აისახოს, მაგრამ ბოლო მოვლენა ამერიკის პრეზიდენტის მიერ ევროპულ ალკოჰოლურ სასმელებზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა ქართული ღვინის ექსპორტზე დადებითად აისახოს, აქაც ვხედავ პოტენციალს“, - უთხრა BM.GE-ს „შუხმან ვაინსის“ გენდირექტორმა.