მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მე-4 კვარტალში დაუახლოვდება - G&T

6422a05ac1871
მარიამ ვარადაშვილი
28.03.23 12:31
582
ხვალ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი. წინა სხდომაზე, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართა, კომიტეტმა განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს.

Galt & taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ უფრო სწორი იქნება თუ ცენტრალური ბანკი დეკემბერში გაკეთებული განცხადებით იხელმძღვანელებს, ინფლაციის კლების ტენდენციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს.

“თუ ცენტრალური ბანკი იხელმძღვანელებს მის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, რაც დეკემბერში ჰქონდათ, როცა მონეტარული პოლიტიკის სხდომა ჩატარდა, ამ შემთხვევაში ახლა უპრიანი იქნება შეამცირონ განაკვეთი. თებერვალში მიდგომა შეიცვალეს, ამიტომ ამ განცხადებიდან გამომდინარე განაკვეთს არ შეამცირებს და იგივეს დატოვებს. თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, ეროვნულმა ბანკმა პოზიცია შეცვალოს. ჩემი აზრით, უფრო მართებული იქნება თუ დეკემბრის განცხადებას გამოვიყენებთ მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით. თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერდნენ, რომ თუ დავინახავთ ინფლაცია უახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, მაშინ გადავალთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე. დეკემბერში კი ამბობდნენ თუ ინფლაციის სწრაფ შემცირებას დავინახავთ, მაშინ შესაძლოა დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის შერბილება",-აცხადებს ქავთარაძე.

მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში დაუახლოვდება. 2018 წლიდან ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

"მანამდე ინფლაციის მნიშვნელოვანი შემცირება გვექნება. ახლაც დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლიური ინფლაცია მარტში თებერვალთან შედარებით",-ამბობს ქავთარაძე.