მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი პროგნოზით, წელს საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 10%-ით გაიზრდება“ - ბუცხრიკიძე

60153c8298852
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 15:00
902

„თიბისი ბანკის“ პროგნოზით 2021 წელს საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ #BMGDRIVE-ში განაცხადა.

ბუცხრიკიძე ამბობს, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, რთული იქნება, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკა გაჯანსაღებას დაიწყებს. ამასთან ბუცხრიკიძე დასძენს, რომ ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, იქნება საკმაოდ რთული. წლის მეორე ნახევრიდან უკვე ზრდას ველოდებით. რა თქმა უნდა ესეც ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგალითად ვაქცინა როგორ შემოვა ქვეყანაში, როდის დაიწყება ვაქცინაცია და ა.შ ამავე დროს მთავრობა რამდენად აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც ეკონომიკის ზრდას დიდწილად ხელს უწყობს. ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენი პროგნოზია, რომ წელს ეკონომიკა 4-4,5%-ით გაიზრდება.

და ის თუ რა იქნება საბანკო სექტორის როლი იმაში, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგეს, ალბათ უნდა გავაგრძელოთ ის, რაც 2020 წელს გავაკეთეთ. მიუხედავად სირთულეებისა 2020 წელს საბანკო სექტორს ჰქონდა ზრდა და წელსაც ჩვენი პროგნოზი არის, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზრდა იქნება 10%. ერთის მხრივ ძალიან გვიჭირს სესხების გაცემა, მაგრამ ჩვენი სესხების არგაცემით ეკონომიკის არგაზრდას ხელი რომ არ შევუწყოთ, ვალდებული ვართ გავცეთ სესხები“-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

ინფორმაციისთვის, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში არსებული 15 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 84.5 მილიონი ლარი იყო. ამასთან, სექტორმა 11 თვის გამნავლობაში ჯამურად 1.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში ფინანსური ინსტიტუტების საპროცენტო შემოსავლები გაუმჯობესდა და 355.1 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.9.%-ით არის გაზრდილი.

11 თვის ჭრილში ზარალის განმაპირობებელი ფაქტორი საბანკო სექტორის მიერ მარტში განხორციელებული ფინანსური ოპერაციაა, რადგან 2020 წლის მარტში ბანკებმა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების ბუფერში 1.2 მილიარდი ლარი დაარეზერვეს. ეს ქვეყანაში მოსალოდნელი კრიზისის წინ, საკრედიტო დანაკარგებისთვის რესურსების წინასწარ ჩამოწერას წარმოადგენდა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, საბანკო სისტემა მოგება-ზარალის თვალსაზრისით 0-თან ახლოს იქნება. ამის შესახებ მან "Forbes კვირასთან" ინტერვიუში 2020 წელს საბანკო სექტორზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას განაცხადა.