მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი თვითმფრინავი იანვრის ბოლომდე სრულად დაჯავშნილია - Easy Charter-ის დირექტორი

617fa044ad343
მარიამ ვარადაშვილი
01.11.21 23:00
743
Easy Charter-ის ხელმძღვანელი რატი ძერია აცხადებს, რომ 2021 წელი მათთვის წარმატებულია. ავიაკომპანიის დირექტორი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს ასევე აცხადებს, რომ იანვრის ბოლომდე მათი თვითმფრინავი დაჯავშნილია.

“2021 წლის 10 თვე რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული წელი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რთული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება მოგვიწია. ამის გათვალისწინებით ვფიქრობთ, მაინც ძალიან წარმატებული წელი გამოგვივა. სხვადასხვა ფაქტორის გამო ძირითადი მიმართულების დახურვის შედეგად მოგვიწია ახალ ბაზრებზე გადაწყობა. ვფიქრობ, ამასაც საკმაოდ წარმატებულად გავართვით თავი. ამის დასტურია ის, რომ იანვრის ბოლომდე ჩვენი თვითმფრინავი სრულად დაჯავშნილია და პრაქტიკულად ერთი დღე არ გვაქვს თავისუფალი. რაც შეეხება ფინანსურ შედეგს, ამ ტექნიკური და მოცდენის გათვალისწინებით მაინც წარმატებული წელი გვექნება და 2020 წელს აჯობებს,” - აცხადებს ძერია.

კითხვაზე აპირებს თუ არა კომპანია თვითმფრინავების დამატებას, Easy Charter-ის დირექტორის ამბობს, რომ პანდემიის დროს სატვირთო თვითმფრინავებზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც მის ყიდვას ართულებს.

“თავიდანვე განსაზღვრული იყო კიდევ ერთი თვითმფრინავის დამატება კომპანიის ფუნქციონირების დაწყებიდან ახლო მომავალში, მაგრამ პანდემიამ და საჰაერო გადაზიდვებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გაზარდა სატვირთო თვითმფრინავებზე მოთხოვნაც. ამან ძალიან გაართულა იმ კლასის და იმ ტიპის თვითმფრინავის შეძენა, რომელიც გვყავს და რომელიც გვინდა მომავალში. ამაზე მუშაობა არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და იმედია წარმატებით დავასრულებთ. თვითმფრინავის ყიდვა მოკლევადიანი პროცესი არ არის და რამდენიმე თვესაც შეიძლება გაგრძელდეს. დაველოდოთ 2022 წელს და იმედია უკვე გაფართოებული ფლოტის შესახებ ვისაუბრებ,” - ამბობს ძერია.