მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში წამლებზე ფასების რეგულირება გონივრულად უნდა მოხდეს“ - აკაკი ზოიძე

61e015b45d32e
თათია ჩაფიჩაძე
13.01.22 21:00
507
ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ თურქეთის ბაზრის გახსნა ყველა მედიკამენტზე ფასს არ შეამცირებს. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ზოიძემ განაცხადა, აუცილებელია სახელმწიფომ ქრონიკული მედიკამენტებისთვის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა გააფართოოს, ფასწარმოქმნის რეგულირება კი ყველა დასახელების წამალზე არ გაავრცელოს.

„თურქეთის ბაზრის გახსნით შეიძლება ფასი მესამედით შემცირდეს, მაგრამ ამის გარდა სხვა ბერკეტია მნიშვნელოვანი. კომპლექსურად უნდა გადავჭრათ ეს საკითხი და არა მხოლოდ თურქეთიდან შემოტანით, რადგან ამით ყველა წამალი და პროდუქცია არ გაიაფდება. სახელმწიფომ უნდა გააფართოოს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ქრონიკული მედიკამენტებისთვის. ქრონიკული ავადმყოფებისთვის მედიკამენტების შეძენა პრობლემაა, ამიტომაც ამ ნაწილში უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილება, ამის გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.

ფასების რეგულირების ნაწილში უნდა გავითვალისწინოთ ის გაკვეთილები, რაც იყო ჩვენი რეგიონის ქვეყნებში. ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, სადაც დიდი კომპანიების მხრიდან დაინტერესება მცირეა, ეს ძალიან დაფიქრებულად და გონივრულად უნდა გაკეთდეს.

მაგალითად, 100 მედიკამენტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ მილიონამდე ადამიანისთვის იქნება დასუბსიდირებული, უკვე ის მოცულობა იქნება, რომელიც უღირს კომპანიას რომ მაღალხარისხიანი წამალი ნორმალურ ფასში შემოიტანოს. იმავდროულად ვინც არ არის სოციალურად დაუცველი ან ქრონიკული დაავადების მქონე, იგივე მედიკამენტი შესაძლებელია რომ ე.წ. რეფერენტული ფასებით დარეგულირდეს და 50%-ით შემცირდეს. ნახევარი ფასი შეიძლება გახდეს დანარჩენი ყველა ადამიანისთვის იგივე წამალი. ამ პრინციპით თუ წავალთ და არა 14 ათასივე დასახელების ფასის რეგულირებით, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა და მერე მოლდოვამ, სადაც მერე დეფიციტიც შეიქმნა ბაზარზე, გაცილებით გონივრული იქნება.

უნდა მოვხსნათ ყველა ბარიერი, რომელიც კონკურენციას უშლის ხელს. შემოვიყვანოთ თურქეთი იმ პირობით, რომ იქნება შესაბამისი კონტაქტი მარეგულირებელთან, იქნება აცილებული ფალსიფიცირებული პროდუქცია. დავნერგოთ ელექტრონული რეცეპტი რომ არაეთიკური მარკეტინგისგან დავიზღვიოთ თავი. ჩემი კომიტეტის ხელმძღვანელობის დროს შესაბამისი რეკომენდაციები დაიდო, შეუძლიათ განიხილონ, მას დასაბუთებული არგუმენტაცია, დათვლები ახლავს და თუ მათ დანერგავენ, ამით საქართველოს მოქალაქეები მოიგებენ“, - აცხადებს ზოიძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების დოკუმენტს ამუშავებს, რომელმაც კომპანიებისთვის თამაშის ახალი წესები უნდა განსაზღვროს. ამ პროცესს წინ უძღოდა კონკურენციის სააგენტოს მომზადებული დასკვნაც, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა. ის ჯამში 13 რეკომენდაციას მოიცავს, ერთ-ერთ ნაწილში საუბარია მედიკამენტების ფასწარმოქმნის რეგულირებაზეც. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა კი აღნიშნა, რომ მთავრობა თურქეთის ბაზრის გახსნას გეგმავს.