მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენნაირ ქვეყანას უფლება არ აქვს, იყოს მუდმივად შეზღუდვების ქვეშ" - ქეთი ბოჭორიშვილი

6162ba0638176
თათია კაკიაშვილი
10.10.21 17:16
855
„ჩვენნაირ ქვეყანას არანაირი უფლება არ აქვს, იყოს მუდმივად შეზღუდვების ქვეშ და ჩაკეტილი. ეს აზიანებს აბსოლუტურად ყველა დარგს, მათ შორის - ტურიზმსაც“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა "ანალიტიკაში" განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის საწყის ეტაპზე შეზღუდვები როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, გამოწვეული იყო პანიკით და ეს დასაწყისში გამართლებულიც იყო. დღეს კი მდგომარეობა შეცვლილია და შეზღუდვები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.

„შეფასება, თუ რამდენად კარგად მართავ პანდემიას, არის სწორედ ეკონომიკური ზრდისა და გარდაცვლილ ადამიანთა თანაფარდობა. როდესაც ორივე მიმართულება ცუდად მუშაობს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ნიშნავს, რომ ჩვენ პანდემიას ვერ ვმართავთ. დღეს უკვე ყველა ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ მინიმალური შეზღუდვების და რეგულაციების ფონზე, შემცირდეს ადამიანების სიკვდილიანობა და აღდგეს ეკონომიკური განვითარება, ამ ინსტრუმენტებს კი, სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვაქცინამ ყველანაირი ნებართვა უკვე მიიღო და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამიტომ, ქვეყანას დამატებით მკაცრი შეზღუდვების დაწესების უფლება უბრალოდ აღარ აქვს. უკვე ბევრ ქვეყანას აქვს ე.წ. „მწვანე“ სტატუსი, შესაბამისად, ის ტურისტები, რომლებიც ჩვენთან შემოდიოდნენ, შეიძლება გახსნილი საზღვრებიდან ნებისმიერში წავიდნენ და საქართველოს არჩიონ იმიტომ, რომ სხვაგან დახვდებათ ნაკლები შეზღუდვა“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდება, ტურისტული სექტორი პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წლისთვის დაუბრუნდება.