მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაქცინები ნამდვილად უსაფრთხოა - აკაკი ზოიძე

60704c15beb96
ინგა მურუსიძე
09.04.21 17:31
653
მე მაქვს ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინების უსაფრთხოებასა და ხარისხზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შემოსული და ისინი ნამდვილად უსაფრთხოა. ვაქცინაცია მიმაჩნია კაცობრიობის გენიის და ტექნოლოგიური მიღწევების გვირგვინად, რომელიც დაიცავს ჩემთვის ძვირფას ადამიანებს და ჩვენ კოვიდის შედეგად გამოწვეული გართულებებისგან, რომელთა შანსი ძალიან მაღალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის შესახებ Forbes Health-ის კამპანიას უერთდება.

ზოიძის თქმით, კოვიდის გამო გარდაცვლილია სამ მილიონამდე ადამიანი, ხოლო ვირუსის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზიანი 25 ტრილიონი დოლარია. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ყველა მოქალაქემ ეს მაჩვენებლები აუცილებლად უნდა გაიაზროს.

ჯანდაცვის სპეციალისტის თქმითვე, სიღარიბესთან ბრძოლის პროგრესში ვირუსმა 5 წლით უკან დახია არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო.

„ჩემი შანსი, რომ დავიღუპო კოვიდის შედეგად არის 10-დან 1, მაშინ, როცა ვაქცინის შედეგად იმ იშვიათი გვერდითი მოვლენის განვითარების შანსი, რომელიც ცნობილია, არის 1:100 000-თან. ვაქცინის სარგებელი განუზომლად აჭარბებს იმ რისკს, რაც შეიძლება ჩემთვის ან სხვა ძვირფასი ადამიანებისთვის შეიძლება მოიტანოს აცრამ.

თუ ადამიანები არ აიცრებიან, ამით არა მხოლოდ თვითონ იქნებიან მოწყვლადი ამ ვერაგი დაავადების მიმართ, არამედ ისინი ხელს შეუწყობენ ვირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში ამ ვირუსის სახეცვლილებასაც. 

რაც მეტი აუცრელი ადამიანი იქნება, იქნება მეტი შანსი იმისა, რომ ვირუსი ფართოდ გავრცელდეს, განიცადოს მუტაცია, მეტი ადამიანი შეიწიროს და მუდმივად გვამყოფოს მეხუთე, მეცხრე, მეოცე და 30-ე ტალღების მოლოდინში. #აიცერი“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.





ცნობისთვის, BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.