მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენთან დამსვენებლების 70% ადგილობრივია, 30% კი უცხოელი“ – „გარემო“

64748e3a74ef0
სალომე ხიდურელი
30.05.23 09:00
1277
„წელს სიახლეებით ვხვდებით ჩვენს სტუმრებს“ - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე ტურისტული ობიექტის, „გარემოს“ დამფუძნებელმა, მირანდუხტ დავითულიანმა ისაუბრა.

„გავხსენით ახალი, რიგით მეოთხე კოტეჯი, აუზი და ახალი კაფე-რესტორანი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მოემსახურება სტუმრებს. ასევე დამსვენებლებს შევთავაზებთ ძალიან საინტერესო ღვინის ტურს ჩვენსავე მარანში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ჩვენივე წარმოების ღვინო და რაჭული კერძები“, - ამბობს დავითულიანი.

მისი თქმით, მიუხედავად რეგიონში რუსი ტურისტების სიმრავლისა, „გარემოში“ ეს პრობლემა ნაკლებადაა.

„იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმრო განთავსებული გვაქვს Booking-ისა და AirBnB-ის პლატფორმებზე, ამ მხრივ ჩვენ დისკომფორტს არ განვიცდით, რადგან ივლისი-აგვისტოს თვეში ჯავშნები გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

პროცენტულად რომ განვსაზღვრო, დამსვენებლების 70% არის ქართველი, 30% - უცხოელი. ესეც იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ სოციალურ ქსელებში და ქართველი მომხმარებლისგან ძალიან ბევრ ჯავშანს ვიღებთ“, - ამბობს „გარემოს“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება განთავსების ფასებს, დავითულიანის განმარტებით, განსხვავებული კონცეფციის კოტეჯებში ერთი ღამის ღირებულებაც განსხვავდება ერთმანეთისგან და 150-დან 250 ლარის ფარგლებში მერყეობს: „ვფიქრობთ, ყველა ტიპის, ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მომხმარებელს შეგვიძლია შევუქმნათ ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის“.

„გარემოს“ დამფუძნებელმა BMGTV-ის ეთერში რაჭის რეგიონის გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობაა.

„რაჭისთვის გამოწვევა ის არის, რომ შევუქმნათ დამსვენებლებს ტრანსპორტირების მხრივ ის პირობა, რომ ნებისმიერ დროს შეძლონ რაჭაში ჩამოსვლა, ეს დღესდღეობით პრობლემაა. ის, რომ გვაქვს აეროპორტი, ძალიან კარგია ნებისმიერი რაჭველი ბიზნესმენისთვის, მაგრამ მეტი რესურსი სჭირდება რეგიონს სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით. ჩვენთან მხოლოდ დილის საათებშია ჩამოსვლა შესაძლებელი - 8-9 საათისთვის. საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის ბევრისთვის.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის პრობლემა რეგიონში ყოველთვისაა. როგორც კი წვიმა იქნება და, მით უმეტეს, თოვლი, მინიმუმ 1-2 საათის განმავლობაში შუქი ყოველთვის ითიშება და დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის, ჩვენ კი ხშირად პასუხიც არ გვაქვს, რატომ ჩაქრა. ეს ნამდვილად გადასაჭრელი პრობლემაა“, - აღნიშნავს მირანდუხტ დავითულიანი.

„გარემო“ ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში 2017 წელს გაიხსნა. ტურისტული ობიექტი 4 კოტეჯს აერთიანებს და ერთდროულად 8 ადამიანის განთავსების რესურსი აქვს.