მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენთვის კადრების პოვნა რთული არაა, საჭიროა ღირსეული სამუშაო პირობები - ხუნძაკიშვილი

63ad72ce0f533
თამთა ჯიჯავაძე
29.12.22 15:34
5734
ჩვენს კომპანიაში ეგზისტენციალური პრობლემა, რომ კადრი არ გვყავს, არ არსებობს, - ასე უპასუხა “ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა Bm.ge-ს მიერ ქვეყანაში კადრების დეფიციტის შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კომპანიას აქვს ვაკანსიები, თუმცა, ცდილობენ ღირსეული სამუშაო პირობების შეთავაზებით საუკეთესო აპლიკანტები შეარჩიონ.

“ჩვენთან ამ საკითხს HR-გუნდი კარგად ამენეჯმენტებს. გვაქვს გარკვეული ვაკანსიები და ვცდილობთ საუკეთესოები შევარჩიოთ ღირსეული სამუშაო პირობებით. შესაბამისი კადრების პოვნა არ არის რთული, რთულია ბევრში საუკეთესოს არჩევა, რასაც ვახერხებთ კიდეც. ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ითვალისწინებს შესაბამის ანაზღაურებას, დაზღვევას, პირობებს”, - აღნიშნა “ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, რომელიც 500-მდე ადამიანს ასაქმებს.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ბიზნესისთვის კადრების დეფიციტის გამოწვევაზე ზოგად ჭრილშიც ისაუბრა და დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც ბიზნესი კადრებს ვერ პოულობს.

„საქართველოში ბიზნესის დაახლოებით 70% მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. ხშირ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესს არ ჰყოფნის კორპორატიული მართვის კულტურა, სულისკვეთება და ბიზნესის მართვის ცოდნა. ერთია, რომ კორპორაციულ საქმიანობას ეწევი, და მეორეა, რომ შენ ეს უნდა მართო საუკეთესო ტრადიციებით და პრინციპებით, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოში. ამისგან ბევრი მიზეზის გამო, ჯერ შორს ვართ, მათ შორისაა განათლება. რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესის კეთებას სწავლა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. საუკეთესო პრაქტიკებით მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ღირსეული პირობები მხოლოდ ანაზღაურება არ არის, ეს არის ყველაფერი, მათ შორის Work-life-ბალანსი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბიზნესი კადრებს ვერ პოულობს“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.