მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენთვის კავკასიის რეგიონი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს“ - უნგრელი მაღალჩინოსანი

604e0e3251ef6
თამთა ჯიჯავაძე
14.03.21 20:20
913
ჩვენთვის კავკასიის რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ საქართველოში უნგრელი მინისტრის ოფიციალური ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი ისაკაძემ ჩაწერა.

როგორც უნგრელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ენერგომატარებლების მიწოდება უნგრეთისთვის და მთელი ცენტრალური ევროპისთვის კრიტიკულ საკითხს წარმოადგენს.

„სამხრეთის გაზის კორიდორი ამჟამად ახალ რეალობას ქმნის. ეს დერეფანი საქართველოს გაივლის და გვაძლევს საშუალებას რომ განვახორციელოთ ქვეყანაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია. ამასთანავე, ჩვენ აზერბაიჯანთან ახლახანს გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლითაც უნგრული კომპანიები მთიანი ყარაბახის ტერიტორიის რეკონსტრუქციაში შეიტანენ წვლილს. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ახალი სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც იქ უნდა განვითარდეს, უფრო მეტ ეკონომიკურ შინაარსს შეიცავს, თუკი ორივე მხარის მიმართულებით მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც განვითარდება“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ და დასძინა, რომ ეს უნგრეთს შესაძლებლობას აძლევს რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში ინვესტიციები განახორციელოს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უნგრეთის დელეგაციას ბაქოში ვიზიტისას შვიდი კომპანია ახლდა, რომელთან ერთადაც განიხილეს საკითხი, თუ როგორი შეიძლება იყოს უნგრული კომპანიების ჩართულობა. მისივე თქმით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც შეხვდა.

„მათ გამოხატეს ამ საკითხის მიმართ ღიაობა, რომ უნგრული კომპანიები ჩართული იყვნენ რეკონსტრუქციაში. როდესაც ეს კომპანიები გადმოვლენ რეგიონში სამუშაოების შესასრულებლად, მათ დასჭირდებათ მიმწოდებლები და ქვე-კონტრაქტორები, შესაბამისად ეჭგვარეშეა რომ რეგიონში მომუშავე კომპანიებისთვის ამ მხრივ პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში.