17.მაისი .2020 18:00

ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ლარის გაუფასურებაა - იმპორტიორი კომპანია "ვივა"

views 416
უკან

უკვე 10 წელია, კომპანია “ვივას” საქართველოში სომხეთიდან და რუსეთიდან სასურსათო პროდუქცია შემოაქვს.

როგორც BM.GE-ისთან “ვივას” კომერციულმა დირექტორმა ედუარდ მურადიანმა განაცხადა, ბიზნეს-პროფილიდან გამომდინარე, პანდემიას მათი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია - არც იმპორტში ჰქონიათ შეფერხება და არც მოთხოვნა შემცირებულა.

“პირიქით, პანდემიის დასაწყისში, დაახლოებით, 20 დღის განმავლობაში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მაღაზიებმა პროდუქტის მომარაგება დაიწყეს. მათ არ იცოდნენ, რამდენად იქნებოდა მომავალში პროდუქცია ხელმისაწვდომი ან დაწესდებოდა თუ არა რაიმე სახის შეზღუდვები”, - გვიყვება “ვივას“ კომერციული დირექტორი, თუმცა მისივე თქმით, პირველი შოკის გადავლის შემდეგ, მოთხოვნა ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა.

რაც შეეხება გამოწვევებს, „ვივას“ კომერციული დირექტორი, ამ მხრივ, ლარის კურსის რყევებს ასახელებს.

„ამ პერიოდში ყველაზე დიდი გამოწვევა კომპანიისთვის ლარის გაუფასურება იყო. ჩვენ ყველაფერს დოლარში ვყიდულობთ. მარაგები გვქონდა, მაგრამ ვალდებულების გადახდა გაზრდილი კურსით მოგვიწია. ქსელები კი, ფასს ერთიანად არ ზრდიან. კონტრაქტის მიხედვით, პროდუქტზე ფასის მომატება გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება. ჩემი აზრით, ლარის გაუფასურებამ არა მარტო ჩვენზე, არამედ ყველა ბიზნესზე მოახდინა გავლენა“, - ამბობს “ვივას” კომერციული დირექტორი.