მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტით არცერთი ქვეყანა არაფერს კარგავს - "კავკასუს ონლაინის" ახალი მფლობელი

605c6c52d6859
სალომე მეცხვარიშვილი
25.03.21 21:40
1133
ციფრული აბრეშუმის გზის პროექტით არცერთი ქვეყანა არაფერს კარგავს, ეს მთელი კავკასიის რეგიონისთვის სასარგებლო პროექტია - ამის შესახებ “კავკასუს ონლაინის” მფლობელი კომპანია “ნექსოლ ჰოლდინგის” სტრაგეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი bm.ge-სთან აცხადებს.

თაგიევი ეხმაურება განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის; ქვეყანა თავის უპირატესობას დაკარგავს და ვეღარ ჩამოყალიბდება რეგიონის ციფრულ ჰაბად - ამ ეჭვებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან “ნექსოლ ჰოლდინგში”.

“ციფრული აბრეშუმის გზა არის პროექტი, რომელიც უზარმაზარ სარგებელს მოუტანს მთლიანად კავკასიის რეგიონს, რადგან ის დააჩქარებს დიჯიტალიზაციის პროცესებს. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს გარკვეული შეშფოთებები, რომელიც დაკავშირებულია მონაცემთა ცენტრების და ინტერნეტის გადაცემის წერტილების დამონტაჟებასთან, მაგრამ ამ ყველაფერს გეოგრაფიული მდებარეობებიდან შევხედოთ. საქართველოა სწორედ ის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს ევროპასთან და ატარებს ინტერნეტს და ლოგიკური იქნება, რომ მონაცემთა ცენტრები სწორედ საქართველოში განთავსდეს. ამ პროექტის მეორე ელემენტია აზერბაიჯანის დაკავშირება აზიასთან კასპიის ზღვის მეშვეობით, რომელიც ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაწილია. გვჯერა, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი რეალურად მთელი რეგიონისთვის სასარგებლოა და არ უნდა ვთქვათ, რომ რომელიმე ქვეყანა რაიმეს კარგავს”,- აცხადებს თემურ თაგიევი.

“ნექსოლ ჰოლდინგი” ასევე ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარი იყო, რომ “კავკასუს ონლაინის” სპეციალურმა მმართველმა დეკემბერში ხელი არ მოაწერა 2 მემორანდუმს, რომლებიც თურქულ და ყაზახურ კომპანიებთან ფორმდებოდა და რომლებიც სწორედ “ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტს უკავშირდებოდა. აღნიშნული პროექტის ნაწილი უნდა გახდეს საქართველო და “კავკასუს ონლაინიც”. ციფრული აბრეშუმის გზის 200-მილიონიანი პროექტი “კავკასუს ონლაინის” მფლობელობაში არსებული შავ ზღვაში მდებარე ოპტიკურ- ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებას და ევროპისა და აზიის რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებას ითვალისწინებს.

რატომ თქვა უარი” კავკასუს ონლაინის” სპეციალურმა მმართველმა მემორანდუმების ხელმოწერაზე, "ნექსოლ ჰოლდინგისთვის" გაუგებარია. მათი თქმით, თურქულ და ყაზახურ მხარესთან მემორანდუმები აბრეშუმის გზის პროექტის ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო.

“მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებული პრობლემა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მემორანდუმის გაფორმება ჩვეულებრივი რამაა ნებისმიერი კომპანიისთვის. აქედან გამომდინარე “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის მიერ მემორანდუმზე ხელის არ მოწერა, ჩემთვის ცოტა უცნაურია. ჩვენი მხრიდან “კავკასუს ონლაინის” შესყიდვა არის ნაწილი ძალიან მასშტაბური პროექტისა, რომელსაც “ციფრული აბრეშუმის გზას” ვუწოდებთ, ხოლო მემორანდუმების გაფორმება ამ პროექტის ნაწილია. ნახსენები იყო ჩვენი პარტნიორი კომპანია ყაზახეთიდან "ტრანსტელეკომი", რომელთან ერთადაც ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობას ვაპირებთ. ამიტომ მემორანდუმის გაფორმება ძალიან ლოგიკური იყო, რამდენადაც გვსურს, პროექტში ნაბიჯები წინ გადაიდგას”,- აცხადებს “ნექსოლის” წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ “ნექსოლ ჰოლდინგის” მიერ “კავკასუს ონლაინის” წილების შესყიდვას კომუნიკაციების კომისია უკანონოდ მიჩნევს, რადგან ტრანზაქცია მათთან არ შეთანხმდა. წილების საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად კომისიამ კომპანიაში სპეციალური მმართველიც დანიშნა, რომელიც ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით ადგილზე მუშაობდა და იღებდა გადაწყვეტილებებს. სპეციალურ მმართველს სააპელაციო სასამართლომ დროებით უფლებამოსილება შეუჩერა, სანამ გასაჩივრებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება უშუალოდ მემორანდუმებს, რომელთა ხელმოწერაზეც სპეციალურმა მმართველმა უარი თქვა - საკუთარ არგუმენტებზე მარიამ სულაბერიძე, სავარაუდოდ, კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრებს. ის”კავკასუს ონლაინში” 5-თვიანი საქმიანობის ანგარიშს კახა ბექაურს დღეს წარუდგენს.