მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული კორიდორი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო საფრთხის წინაშეა – დენიელ დელტონი

5f37ca7fb1574
თამთა ჯიჯავაძე
15.08.20 16:00
1494
ციფრული კორიდორი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო საფრთხის წინაშეა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ყოფილი წევრი დენიელ დელტონი „ტვიტერზე“ წერს.

„საინტერესო მოვლენები ვითარდება საქართველოში, ციფრული კორიდორი, რომელიც გააუმჯობესებს 1.8 მილიარდი ადამიანისთვის ინტერნეტწვდომას, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო საფრთხის წინაშეა. კავკასია უმოკლესი მარშრუტია ევროკავშირიდან აზიამდე, ალტერნატიული მარშრუტი კი რუსეთის გავლითაა“, – წერს დელტონი და აზიარებს Caspiannews-ის სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ქმედებები უცხოური კომპანიის წინააღმდეგ ევროპასა და აზიას შორის სატელეკომუნიკაციო კორიდორს საფრთხეს უქმნის.

„ევროპასა და აზიას შორის ციფრული სატელეკომუნიკაციო კორიდორის ამოქმედება Caucasus Online-ზე საქართველოს ხელისუფლების თავდასხმებმა საფრთხეში ჩააგდო, ამას მოჰყვა ბოლო დროს სწრაფად მიღებული სადავო და უპრეცედენტო ცვლილებები ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში, რაც კონკრეტულად კომპანიას იღებს მიზანში“, – წერს Caspiannews-ი.

აღნიშნულ საკითხს ასევე გაეცნო იტალიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფრანკო ფრატინი, რომელმაც ასევე "ტვიტერზე" გააზიარა Caspiannews-ის სტატია. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს Caucasus Online-ის დედა კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც Caucasus Online-სთვის მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა.
თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ Caucasus Online-ის მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.

საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.