მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Citadel-ის განვითარების სტრატეგია - როგორია სამშენებლო მასალების ბაზრის ტენდენციები?

647f2169daead
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.23 16:10
14191
სტატიაში საუბარია:
სამშენებლო მასალების ადგილობრივ ბაზარზე „ციტადელი“ 12-წლიანი ოპერირების შემდეგ განვითარებას აგრძელებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ქართველ მომხმარებელსა და პარტნიორებს, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით 30-მდე კატეგორიის, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო-სარემონტო მასალები და ტექნიკა შესთავაზა. ციტადელი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 8 სავაჭრო სივრცეს მართავს და მომხმარებელს პროდუქციის ონლაინ შეძენასაც სთავაზობს. კომპანიაში კონკურენტულ უპირატესობად სამშენებლო სფეროში მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მაღალ სტანდარტების დამკვიდრება მიაჩნიათ. გლობალურად და ლოკალურად დარგში არსებულ ტენდენციებსა და პროცესების შეფასების შესაძლებლობას კი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება და 350-მდე თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი იძლევა.

რა შეიცვალა სამშენებლო მასალების ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში, როგორ შეძლო კომპანიამ პოსტპანდემიურ პერიოდში შექმნილ გამოწვევებზე ადაპტირება, შეიცვალა თუ არა სამშენებლო მასალის ფასების კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქტებზე და როგორია „ციტადელის“ განვითარების სტრატეგია - ამ კითხვებს BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ჩქარეულმა უპასუხა.

- „ციტადელს“ სამშენებლო სექტორში მაღალხარისხიანი მასალების მიწოდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პირველ რიგში, რომ გვითხრათ როგორ პოზიციონირებს დღეს ბაზარზე კომპანია?

ხარისხის მუდმივი კონტროლითა და სწორი მენეჯმენტით, დღეს “ციტადელი” მომხმარებელს სთავაზობს ყველა საჭირო მასალას როგორც ფუნდამენტური მშენებლობისთვის, ასევე სარემონტოდ. გასულ წლებში, “ციტადელის” მიდგომა საცალო ობიექტებთან მიმართებით განსხვავებული იყო, გვქონდა რამდენიმე მცირე ზომის ტრადიციული მაღაზია, თუმცა დღეს, ჰიბრიდული სავაჭრო სივრცეების კონცეფციას ვავითარებთ, რომელიც ყველანაირი ინტერესის მომხმარებელს მოერგება.

ივნისში ბათუმის განახლებული მაღაზიის გახსნა იგეგმება, სადაც „ციტადელის“ სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.

სამშენებლო მასალების ინდუსტრია მეტად კონკურენტულია, სადაც ათობით ათასი დასახელების პროდუქტი ივაჭრება, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ციტადელი“ ამ მიმართულების ერთ-ერთი უპირობო ლიდერია, რიგ კატეგორიებში კი ბაზრის დომინანტური წილის მფლობელიც. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კომპანიის წარმატებას და მუდმივ განვითარებას დაახლოებით 350-მდე თანამშრომელი ემსახურება, სწორედ მათი დამსახურებაა ის შედეგები, რომლითაც ყველანი ერთობლივად ვამაყობთ.

- გასული წელი, წინა პანდემიური წლებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ წლის პირველი ნახევარი მსოფლიოში მკვეთრი ინფლაციური პროცესებით ხასიათდებოდა, რამაც პროდუქტები გააძვირა. რუსეთ-უკრაინის ომმა კი ლოგისტიკურ ხაზებში ცვლილებები შეიტანა. როგორ აფასებთ 2022 წელს კომპანიაში - რა ტენდენციები გამოიკვეთა უფრო მეტად და როგორ შეძელით მათთან ადაპტირება?

პოსტპანდემიურ პერიოდში, სრულიად მსოფლიო ახალ რეალობაში აღმოჩნდა, სადაც მომხმარებლის ქცევა რადიკალურად შეიცვალა, განსხვავებულად არის ორგანიზებული ლოგისტიკური პროცესები, იცვლება მიწოდების ჯაჭვები და სხვა. ამასთან, თქვენ სწორად აღნიშნეთ, მნიშვნელოვანი ასპექტი რუსეთ-უკრაინის ომის სახით, რამეთუ ამ ნაბიჯით, რუსეთის სახელმწიფომ მთლიანად რეგიონში შემოიტანა დაძაბულობა და გაზარდა განუსაზღვრელობის განცდა. ეს, ცხადია, ბიზნესზეც აისახა, ვინაიდან განსაკუთრებით სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში, ცნობილია რომ თურქეთისა და ჩინეთის შემდეგ, იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთსა და უკრაინაზე მოდის.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და ფასების მკვეთრი რყევებისა, შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის მეორე კვარტლის შუა პერიოდში ბაზარი დასტაბილურდა, რაც ნედლეულისა და ტრანსპორტირების ფასების ზომიერ შემცირებაში აისახა. ვფიქრობ, არსებული რისკები კომპანიამ სწორად შეაფასა და რაციონალურად მართა, რაც გასული წლის წარმატებით დასრულებაში დაგვეხმარა.

- სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრი რყევები ახსენეთ, ამ პროცესმა იქონია თუ არა სამშენებლო მასალებზე მოთხოვნაზე გავლენა?

ვერ ვიტყვით, რომ სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის სტაბილური დინამიკა გვქონდა. ეს პროცესი უფრო მეტად ციკლური იყო, რასაც სხვადასხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, მოლოდინები განაპირობებდა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომელ პროდუქტებზე ვსაუბრობთ? განსხვავებული დინამიკა ჰქონდა ცემენტისა და ბეტონის ფასებს, ასევე ლითონის მასალებს, ხე-ტყის მასალებს და სხვა. როგორც აღვნიშნე, დიდწილად გასული წლის მეორე ნახევრიდან მიმდინარე პერიოდამდე, ფასები ზომიერად დასტაბილურებულია. დაწყებულია ინფლაციის ტემპის შემცირება, რასაც უკვე ეროვნულმა ბანკმაც უპასუხა რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით.

ზოგადად, სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში, ფასების მკვეთრი ზრდის მოკლევადიანი ეფექტი ფირმების მხრიდან მარაგების ზრდაში გამოიხატება ხოლმე, რადგან ჩნდება მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანაში მშენებლობის ინდუსტრიის სტაბილური ზრდა, უზრუნველყოფს მოთხოვნის სტაბილურობასაც, რომელიც შესაძლებელია მცირე რყევებით ხასიათდებოდეს, თუმცა ზრდადი ტრენდი აქვს.

- სამშენებლო მასალების გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი უკრაინა იყო. რა ხდებოდა თქვენს შემთხვევაში - რამდენად იყო “ციტადელისთვის” უკრაინა საიმპორტო ქვეყანა, დღეს რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით?

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინიდან იმპორტირებულ სამშენებლო მასალებს ჩვენს პორტფელში მინიმალური წილი ეკავა, შესაბამისად მათი ჩანაცვლება ალტერნატიული ბაზრებიდან დროულად შევძელით. ზოგადად, „ციტადელის“ გრძელვადიანი სტრატეგია აგებულია როგორც მყიდველების, ასევე მომწოდებლების პორტფელების დივერსიფიცირების პრინციპზე, რაც ენდოგენური რისკების მინიმუმამდე დაყვანაში გვეხმარება. ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებით „ციტადელი“ პირველ რიგში საკუთარ მომხმარებლებს იცავს, რათა მათი სამუშაო პროცესის უწყვეტობა გარანტირებული იყოს.

სამშენებლო სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. როგორც ამ დარგის წარმომადგენელი, როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციებისა და მოთხოვნების შესაბამისად?

„ციტადელი“ არაერთი საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მუდმივად ვაკვირდებოდეთ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის მხარეს არსებულ ტენდენციებს და მათ საპასუხოდ შექმნილ ინოვაციურ პროდუქტებს. ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს პარტნიორებს ახალი და ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ, რომელიც მიმართულია მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებასთან, მშენებლობის პროცესების დაჩქარებასა და შესაბამისად, ტრანზაქციული ხარჯების მინიმიზაციასთან.

მშენებლებისთვის, დეველოპერებისთვის სისწრაფე და ხარისხი მნიშვნელოვანია. ამ ორი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება კი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია, შესაბამისად, სამშენებლო სექტორს ისეთ მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ მასალებს ვთავაზობთ, როგორიცაა PERI-ს საყალიბე სისტემები: DUO; Handset Alpha; AlphaDeck; Skymax და სხვა. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და მომავალშიც არაერთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდის მასალების წარდგენას ვგეგმავთ.

ამასთან, მაღალი ხარისხის, ინოვაციური პროდუქტები ჩვენს სფეროში დიდ კაპიტალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამ მხრივაც, მომხმარებლებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ პროდუქტს, რათა პროექტის საწყის ეტაპზე ჩვენმა პარტნიორებმა ფინანსური რესურსების დაზოგვა შეძლონ. ეს გულისხმობს როგორც საიჯარო მომსახურებებს, ასევე განვადებასა და ლიზინგს.

- რადგან საბანკო პროდუქტები ახსენეთ, ბაზარზე შემოსვლის დღიდან კომპანიის ფინანსური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“. კონკრეტულად რომელი პროექტები გაქვთ განხორციელებული ბანკთან ერთად და რა მნიშვნელობა ენიჭება ფინანსურ მხარდაჭერას კომპანიის განვითარებისთვის?

ნებისმიერი ბიზნესისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სანდო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. მოხარულები ვართ, იმ ფაქტით, რომ ჩვენი წარმატების გზაზე „საქართველოს ბანკი“ მუდმივად გვიჭერდა მხარს და ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შევძელით.

ამ მხრივ საგულისხმოა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო მიმართულების - Citadeli Rent-ის მხარდაჭერა, სადაც ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის იჯარას ვთავაზობთ.

ამასთან, მოგეხსენებათ, ბოლო დროინდელი სანქციებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთისა და ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხება, საერთაშორისო გადარიცხვები მეტად გართულებულია, ხოლო პროცესი გაჭიანურებული სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერებით. ამ მხრივაც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „საქართველოს ბანკის“ გუნდი ეფექტურად მართავს ყველა პრობლემურ შემთხვევას და დასახული შედეგის დროულად მიღწევაში გვეხმარება.

- ბატონო ვახტანგ, კომპანიის განვითარების სტრატეგიას რომ დავუბრუნდეთ, როგორია სამოქმედო გეგმა და როგორი იქნება მათში საქართველოს ბანკის მონაწილეობა?

ჩვენი განვითარების სტრატეგია მოკლევადიან პერიოდში ორი მიმართულებით განისაზღვრება: პირველი - განახლებული ჰიბრიდული კონცეფციის შოურუმებია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სულ მალე, ქალაქ ბათუმში ახალ სავაჭრო სივრცეს გავხსნით. ამასთან, დაგეგმილი გვაქვს თბილისში, „ციტადელი PLUS“-ის გაფართოებაც.

მეორე მიმართულება პროდუქციის ასორტიმენტის ზრდასთანაა დაკავშირებული, ჩვენთვის მნიშვნელოვან კატეგორიებში და CITADELI RENT-ის მიმართულების აქტიურად განვითარებასთან. ამით, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ.

„ციტადელთან“ პარტნიორობის გამოცდილებას საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი ნინო გერგედავა აფასებს და ზოგადად, ბანკის მიერ სამშენებლო სექტორისთვის გაწეული ხელშეწყობის შესახებ საუბრობს.

- სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანია "ციტადელთან" თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გაქვთ. როგორ აფასებთ კომპანიის განვითარების პერსპექტივებს? რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი კომპანიების პოზიციონირება და მისი ოპერირების არეალის გაფართოება?

კომპანია „ციტადელი“ სექტორში ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული კომპანიაა. ჩვენთვის, როგორც კომპანიის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტისთვის, საამაყოა კომპანიის განვითარების ის ეტაპები, რაც ერთად გავიარეთ. კომპანია წლიდან წლამდე სწრაფი ტემპით ვითარდება როგორც სამშენებლო მასალების, ისე სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის იჯარის ნაწილში, რაც ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესების და პროცესების დაჩქარების საშუალებას აძლევს. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე, მაღალ ხარისხზე და განვითარებაზე, სწორედ ეს ხდის მას სტაბილურ და საიმედო პარტნიორად.

- როგორც აღვნიშნეთ სამშენებლო დარგი ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. როგორ აფასებთ ბანკში დარგისა და მისი წარმომადგენლების ხელშეწყობის მნიშვნელობას? რა ფინანსური მხარდაჭერა აქვს ბანკს გაწეული სექტორში არსებული კომპანიებისთვის ?

დიახ, ნამდვილად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (მათ შორის ინფრასტრუქტურის) მშენებლობა საქართველოს ეკონომიკაში კაპიტალის მთლიანი ფორმირების 50%-ს შეადგენს. უშუალოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი 2017-2022 წლებში 5.2% ით გაიზარდა და 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. სექტორი 2021 წელს პანდემიის შემდეგ სწრაფად აღდგა და 2022 წელსაც მაღალი ზრდა შენარჩუნდა. 2022 წელს საქართველოში და სრულად რეგიონში ეკონომიკის ძლიერი ზრდა იყო და 2023 წლის მოლოდინებიც პოზიტიურია. ჩვენ მოლოდინებით სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი წლიურად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 5-10%-ით უნდა გაიზარდოს, რაც წინა 5-წლიანი ზრდის ტრენდს შეესაბამება. პოზიტიურ მოლოდინებს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი ქმნის: ინვესტიციების იზრდება და მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორები ჯანსაღია (ინფრასტრუქტურული, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი მშენებლობის ნაწილში). მზარდი მოთხოვნის პარალელურად ნედლეულისა და ტრანსპორტირების ფასები რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფითი გავლენის მიუხედავად იკლებს, თუმცა სექტორში რისკად რჩება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდით ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები, მიგრაციის ტენდენციების მოულოდნელი/სწრაფი ცვლილება და გეოპოლიტიკური ვითარება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ბანკისთვის დარგის და მისი წარმომადგენლების ხელშეწყობა უცვლელ პრიორიტეტად რჩება. დღეის მდგომარეობით, ბანკი სექტორის მოთამაშეების დიდ ნაწილთან თანამშრომლობს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტის ნაწილში. დარგში ვაფინანსებთ როგორც კაპიტალურ პროექტებს, (როგორიცაა საწარმოების, შოურუმების, საწყობების მშენებლობა/მოწყობა), ასევე უზრუნველვყოფთ კომპანიებს საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო ფინანსური რესურსით და მათ მოკლევადიან, მოქნილ საბანკო პროდუქტებს ვთავაზობთ.