მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცივი დაწნეხის ზეთი „ნუზლი“ - სად იყიდება ქართული პროდუქტი და რა გამოწვევები აქვს წარმოებას?

63454d4135280
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.22 22:35
1214
თბილისში, იანვრიდან კაკლისა და მზესუმზირის ცივი დაწნეხის ზეთის მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდა. კომპანია პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე „ნუზლის“ სახელწოდებით უშვებს და თვიურად 300-მდე ბოთლს ყიდის.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ბესიკ ჯაფოშვილი ამბობს, რომ „ნუზლის“ წარმოების რესურსი თვეში 3 000 ლიტრია, თუმცა საწარმო სრული დატვირთვის არ მოქმედებს.  მზესუმზირისა და კაკლის ზეთი 250 მილილიტრის ზომის ბოთლებში იწარმოება,  კომპანია წარმოებაში 3 ადამიანს ასაქმებს, ხოლო კაკლის კრეფის პროცესში დაახლოებით 6 ადამიანი საქმდება.

„დღეისთვის წარმოებული გვაქვს 5 000 ბოთლი, რომლის რეალიზება „გუდვილში”, „ფრესკოში“, „ევროპროდუქტში“ შედის. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და სასარგებლო პროდუქტია და მას ქსელებში 12-13 ლარად ვაბარებთ. ვმუშაობთ სხვა ქსელებში შეტანაზეც“, - ამბობს ჯაფოშვილი.



კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, დღეს ადგილობრივ ბაზარზე ცივი დაწნეხვის ზეთის ცნობადობა ძალიან დაბალია, რაც კომპანიისთვის გაყიდვების დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს.

„ზეთის რეალიზების პრობლემა გვაქვს, რადგან ბაზარზე ცივი დაწნეხვის ზეთებს ნაკლებად იცნობენ. ამ დორის ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან მისი წარმოება დაბალ ტემპერატურაზე ხდება და ზეთი მის ნედლეულში არსებულ სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. ცივი დაწნეხვის ზეთის ცნობადობის გაზრდისთვის, ჩვენ მარკეტინგული კამპანიის გააქტიურებას ვგეგმავთ, კერძოდ კი ქალაქში პროდუქტის რეკლამირების მიზნით „ნუზლის“ ზეთის გამოსახულებით მანქანები დაიწყებენ მოძრაობას“, - ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი.

ბესიკ ჯაფოშვილი იმისაც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ რეალიზების მაჩვენებელი გაიზრდება, მაშინ კომპანია წარმოების გაზრდას შეძლებს.

„თვეში დაახლოებით 300 ბოთლი იყიდება და ეს რაოდენობა თუ 1 000-მდე გაიზრდება, მაშინ კომპანია წარმოების განვითარებასა და საწარმოო მოცულობების გაზრდაზე იმუშავებს“, - აღნიშნა ჯაფოშვილმა.