მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცივი იარაღის ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება - კანონპროექტი

6375e7763f542
თამთა ჯიჯავაძე
17.11.22 12:10
1258
ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება. შსს-ის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმები იზრდება. ამის შესახებ დეტალურად პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის ანალიზის შედეგად, ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის რაოდენობის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რის გამოც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხორციელება.

„როცა ბოლო პერიოდის ანალიზი გავაკეთეთ და გადავხედეთ ამ კუთხით ვითარებას, ვნახეთ, რომ გაიზარდა ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის შემთხვევები, სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში მკვლელობების 53% ჩადენილი იქნა ცივი იარაღით, გარდა ამისა, მკვლელობის მცდელობის 32% ჩადენილ იქნა ცივი იარაღით. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც დღეს გვაქვს, სამწუხაროდ, ცივი იარაღის ტარების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს, რაც საბოლოო ჯამში, შემდგომში იწვევს იმ მძიმე დანაშაულებს, რაც საზოგადოებაში ხდება. სტატისტიკისთვის რომ გითხრათ, წელს ცივი იარაღის ტარებისთვის გამოძიება 417 საქმეზე გვაქვს დაწყებული და 3289 ცივი იარაღის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გვაქვს გამოვლენილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ყველა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. სწორედ ამიტომ გთავაზობთ გადაიხედოს ეს საკანონმდებლო რეგულაციები და გამკაცრდეს ცივ იარაღთან დაკავშირებული ნორმები“, - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, ჯარიმა ცივი იარაღის ტარებისთვის 200-დან 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, ცივი იარაღის ტარების შემთხვევებს, დაემატოს ცივი იარაღის იმგვარად ფლობა, როდესაც შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივი გამოყენება. კერძოდ, დარახველიძის განმარტებით, დღეს ცივი იარაღის ტარებისთვის ისჯება პირი, თუ მას დანა სხეულზე აქვს დამაგრებული, ატარებს ან ჯიბეში აქვს, თუმცა, თუ ჩანთაში უდევს, ამ შემთხვევაში მისი დაჯარიმება არ ხდება.

„ე.წ. ბარსეტკებით ხდება ცივი იარაღის გადატანა ანუ სხეულზე იმგვარად აქვთ დამაგრებული ჩანთა, რომ მარტივად ხდება მისი [დანის] მოქმედებაში მოყვანა. როცა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის შემთხვევები გავაანალიზეთ, აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ ამ გზით ცდილობდნენ თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

თუმცა, სანამ არ იქნება საკანონმდებლო ჩანაწერი, ბუნებრივია, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ამის ეფექტიან აღსრულებას“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, დარახველიძის თქმით, კანონს უნდა დაემატოს კიდევ ერთი ჩანაწერი, რაც ცივი იარაღის კონფისკაციას გულისხმობს, - „დღეს როდესაც ვაჯარიმებთ პირს ადმინისტრაციული წესით, წარმოების დასრულების შემდეგ დანის დაბრუნება ხდება, ამ შემთხვევაში დაემატოს დამატებითი შესაძლებლობა, ეს არის ცივი იარაღის კონფისკაცია“.

ცნობისთვის, დღევანდელი კანონმდებლობით, თუკი პირი პირველ ჯერზე ატარებს ცივ იარაღს, 200-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ადმინისტრაციული წესით განმეორების შემთხვევაში 1000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. მესამე ჯერზე კი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 6 თვის ვადით. ხოლო იმ პირის მიერ, ვინც არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ამ შემთხვევაში მისთვის გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ბოლო წლების მონაცემებს, შსს-ს დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ცივი იარაღის ტარების 334 სამართალდარღვევაა რეგისტრირებული, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 378 შემთხვევა იყო; 2020 წელს - 179; 2019 წელს - 375; 2018 წელს - 208; ხოლო 2017 წელს - 241 შემთხვევა.