მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციხეების 780 თანამშრომელი დროებით საცხოვრებლად საპატიმროში გადავიდა და ადგილზე იმუშავებს

5e81fbe6ae1bb
ინგა მურუსიძე
30.03.20 18:05
1638
ციხეების 780 თანამშრომელი მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა და საპატიმროებს არ დატოვებენ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა პატიმრებს თხოვნით მიმართა, აღნიშნულ თანამშრომლებს გაუფრთხილდნენ, ვინაიდან სწორედ მათ უნდა იზრუნონ პატიმრებზე არაერთი კვირის განმავლობაში.

„საქართველოს საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმრო სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეულია 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში საპატიმროების ტერიტორიაზე. ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში სახლში აღარ წავლენ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიებს არ დატოვებს, რათა არც ჩვენ და არც პატიმრებს არ გვქონდეს განცდა, რომ რომელიმე ინსპექტორი ვირუსს შეიტანს ციხეში“, - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნულ 780 თანამშრომელს ოჯახების ნებაყოფლობით, გარკვეული ხნით დატოვებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათ გაეწევათ ფინანსური შეღავათი, ექნებათ სამჯერადი კვება და ყველა ის უფლება, რაც არ აქვს პატიმრებს, რა თქმა უნდა, ვინაიდან ისინი არ არიან თავისუფლებაღკვეთილები. ისინი სპეციალურ ყაზარმებში იცხოვრებენ“, - განაცხადა წულუკიანმა.