21.მარტი .2022 09:11

CNN: მსოფლიოს Top-10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა

CNN:  მსოფლიოს Top-10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა
views 759
უკან

გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელი ყოველწლიურად რეიტინგს აქვეყნებს და იმ ქვეყნებს გვაცნობს, სადაც მშვიდობა, ცხოვრების ხარისხი, შესაძლებლობები და ბედნიერების მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე სტრესი და დეპრესია. ანგარიშის მოსამზადებლად სტატისტიკოსები მონაცემებს Gallup-ის მსოფლიო გამოკითხვის შედეგად იღებენ. შესაბამისად, გაეროს წევრ 150-მდე სახელმწიფოში დაახლოებით 1 000 ადამიანი საკუთარი ცხოვრების ხარისხს 0-დან 10-მდე შეფასების სისტემით აფასებს, მკვლევრები კი კეთილდღეობას ექვსი კომპონენტის მიხედვით ზომავენ. ესენია: შემოსავლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, ნდობის, სანდო ადამიანის გვერდით ყოლის და გულუხვობის ხარისხი. ბოლო ორი წლის ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას ექცევა იმას, თუ როგორ გაუმკლავდა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა პანდემიას და რა გავლენა აქვს მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობას მათ საერთო ბედნიერებაზე.

ტოპ-10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში:

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მისი მთავარი საიდუმლო განათლებაშია. ფინეთი მუდმივად სახელდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნად. მისი ასეთი წარმატება მასწავლებლებისადმი პატივისცემითაა განპირობებული. ცხოვრების მაღალი ხარისხი და მშვიდი ტემპი, ტყეები, ტბები და ველური ბუნება — ესაა ქვეყანა, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს აერთიანებს და ამით სიაში პირველ ადგილს იკავებს.

ქვეყანა ნომერი ორი - დანიაა, რომელიც თითქმის ყველა კომპონენტში გამორჩეულია, იქნება ეს სოციალური სერვისები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუ ანაზღაურება. ასევე კოპენჰაგენი მსოფლიოში ველოსიპედებთან ყველაზე მეგობრული ქალაქია, სანაპიროებით და შესაძლებლობებით. ასე რომ, ამ ქვეყნის ბედნიერება პლანეტისადმი პატივისცემიდანაც მომდინარეობს, თუმცა ეს საკმარისი არაა — კოპენჰაგენში დაფუძნებული ბედნიერების კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, დანიის ბედნიერების ინდექსი ბევრ სხვადასხვა კრიტერიუმზეა დამოკიდებული, მათ შორის მთავრობისადმი ნდობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, დამოუკიდებლობაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე და ზოგადად, ცხოვრების დაბალანსებულ სტილზე.

სამეულშია ისლანდია - აქ გამოკითხულთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ რთულ დროს თანამოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვთ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისლანდიელები ერთ-ერთი ყველაზე გაერთიანებული ერია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდია გამოირჩევა ინკლუზიურობითა და თანასწორობაზე ორიენტირებულობით, ქვეყანაში დაბალია კრიმინალის დონე, ხოლო ჯანდაცვის სისტემა ძლიერია. საგულისხმოა, რომ ანგარიში ისლანდიას იმ ქვეყნების ჯგუფში აერთიანებს, რომელთაც პანდემიის პერიოდში სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. ისლანდიის გამორჩეული ბუნება ლეგიტიმურად იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ იქ მცხოვრები ადამიანი რთულია, უბედური იყოს.

მეოთხე ქვეყანა შვეიცარიაა. აქ მოქალაქეები ყველაფერს თავად ირჩევენ. მაგალითად, კენჭს უყრიან და ერთად წყვეტენ იმას შვებულების რამდენი დღე უნდა ჰქონდეთ დასაქმებულებს, ან რამდენი იმიგრანტი შეიძლება შემოუშვან ქვეყანაში. პირდაპირი დემოკრატიის ეს სისტემა შვეიცარიის მოქალაქეს აძლევს უპრეცედენტო განცდას, რომ მონაწილეობს საკუთარი ქვეყნის განვითარებაში, იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე — ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, სამეზობლოში შუქნიშნის დაყენებით დამთავრებული. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი კმაყოფილებასა და ბედნიერებაში ისახება.

ხუთეულს ნიდერლანდები ასრულებს - 2005 წლიდან ნიდერლანდების მონაცემები თითქმის არ შეცვლილა და ის სტაბილურად და დამსახურებულად ინარჩუნებს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის ადგილს. კვლევები მოწმობს, რომ ნიდერლანდებში ბედნიერების შეგრძნება ადრეული ასაკიდანვე შესამჩნევია. UNICEF-ის 2013 წლის კვლევის თანახმად, ნიდერლანდელი ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან, რისი თქმის საფუძველს იქაური განათლების სისტემა, უსაფრთხოების დონე და ჯანმრთელობის ხარისხი იძლევა.

მას მოსდევს ლუქსემბურგი. პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 600 ათასზე ნაკლებია, მოქალაქეებს მაღალ ხელფასებს, პენსიონერებს კი სოციალური დაცვის ძლიერ სისტემას სთავაზობს. თუმცა სანამ იფიქრებდეთ, რომ ლუქსემბურგელებს ბედნიერების ყიდვა ფულით შეუძლიათ, უნდა ითქვას, რომ მათ კიდევ ბევრი ისეთი შესაძლებლობა აქვთ, რომელიც ფულთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგალითად, მუშაობასა და დასვენებას შორის არსებული ბალანსი, რაც სავარაუდოდ, სავალდებულო 5-კვირიანი შვებულების დამსახურებაა.

მეშვიდე ქვეყანა რეიტინგში შვედეთია. ამ ქვეყანაში ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არაა, რის გამოც შვედეთი ბედნიერ ქვეყნად ითვლება. აქ სოციალური თანასწორობის იდეა საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია და მასზე საუბარი საბავშვო ბაღიდანვე იწყება, რაც საერთო ჯამში, შვედეთს განსაკუთრებულად მიმზიდველ და კომფორტულ ქვეყნად აქცევს.

ათეულის ბოლო სამ პოზიციას კი ნორვეგია, ისრაელი და ახალი ზელანდია ინაწილებენ. რაც შეეხება ტოპ-20, რეიტინგი ასე გამოიყურება.



1.ფინეთი

2.დანია

3.ისლანდია

4.შვეიცარია

5.ნიდერლანდები

6.ლუქსემბურგი

7.შვედეთი

8.ნორვეგია

9.ისრაელი

10.ახალი ზელანდია

11.ავსტრია

12.ავსტრალია

13.ირლანდია

14.გერმანია

15.კანადა

16.აშშ

17.დიდი ბრიტანეთი

18.ჩეხეთი

19.ბელგია

20.საფრანგეთი