მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: 1 დოლარად იტალიაში ნაყიდი სახლები და Covid-19-ის გავლენა

5ec6ad987faa6
მარიამ ადამია
21.05.20 23:00
2774
მას შემდეგ რაც იტალიურ სოფლებში ადგილობრივმა მთავრობამ რეგიონის გამოცოცხლების მიზნით მიტოვებული სახლების ერთ დოლარად გაყიდვა დაიწყეს, უამრავ ადამიანს მისცეს შანსი აესრულებინათ იტალიური ოცნება და პარალელურად, საკუთარ მიზანსაც მიაღწიეს - დაცარიელებულ სოფლებს ახალი სიცოცხლე შემატეს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და სახლის ყიდვისა და შემდეგ მისი გარემონტების მსურველთა რაოდენობა იტალიაში სწრაფად იზრდებოდა.

თუმცა, როგორც CNN წერს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, კორონავირუსმა, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიო გამალებით ებრძვის, განსაკუთრებით იტალია დააზარალა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო ამ სოფლების კვლავ დაცარიელება, პირიქით, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულად განვითარდა და ადამიანებს კარანტინის დღეების გატარება სწორედ ამ სოფლებში, ბუნებასთან ახლოს მოისურვეს.

თუმცა, რთული აღმოჩნდა იზოლაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს სამშობლოში, ოჯახის წევრებთან დაბრუნება და მოუწიათ გაურემონტებელ სახლში ცხოვრება, მაგრამ დროს ტყუილად არ კარგავდნენ და სარემონტო სამუშაოები საკუთარ თავზე ჰქონდათ აღებული, იმ იმედით, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც საზღვრები გაიხსნება და მათთან ოჯახის წევრები და მეგობრები ჩავლენ, სახლს დასრულებულს და გალამაზებულს დაახვედრებენ.

ამბობენ, რომ ენის ბარიერის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინის პერიოდში ადგილობრივები ეხმარებოდნენ, ჩუქნიდნენ ტანისამოს სიცივის დროს, გამათბობლებს და საკვებსაც უნაწილებდნენ. განსაკუთრებით მხარდაჭერა იგრძნობოდა აღდგომას, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩარჩენილმა ადამიანებმა იტალიელებთან ერთად იზეიმეს დღესასწაული.

დღეს კი იტალიაში ნელ-ნელა შეზღუდვები იხსნება და მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება გასეირნების, ულამაზესი პანორამული ხედების დათვალიერებისა და ადამიანებთან მეტი ურთიერთობის, თუმცა ამბობენ, რომ სოფლის დატოვებას არც საზღვრების გახსნის შემდეგ აპირებენ, რადგან მათ აიხდინეს იტალიური ოცნება, დამეგობდნენ მეზობლებთან და ზოგიერთი მათგანი სამუდამოდ იქ დასახლებასაც აპირებს.

რაც შეეხება მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ უყიდია და სურს 1 დოლარად იტალიური სახლი, ამის შესაძლებლობა ჯერ ისევ გაქვთ, რადგან ცარიელი სახლები, რომლებიც მეპატრონეს საჭიროებენ, იტალიურ სოფლებში ისევ ხელმისაწვდომია.