მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: 5 რჩევა, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ

5ff0b1e8d10d5
BM.GE
03.01.21 00:10
1086
პანდემიურმა წელმა შრომის ბაზარზე დრამატული ცვლილებები მოახდინა, თუმცა თუ ამ გამოცდილებას ოპტიმისტურად შევხედავთ, გვრჩება გაკვეთილები, რომლებმაც გვასწავლა, როგორ ვიმუშაოთ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი; CNN გვთავაზობს 5 რჩევას, რომელიც 2021 წელს პირად ცხოვრებასა და სამსახურში სწორი ბალანსის პოვნაში და ასევე, კარიერულ წინსვლაში გამოგგადგება.

1. ბევრი იფიქრეთ და ცოტა დაგეგმეთ

რასაკვირველია, კარგია ბევრი ფიქრი იმაზე, რისი მიღწევაც ახალ წელს გვინდა, მაგრამ აჯობებს, მიზნები უფრო პატარა ნაბიჯებად დავყოთ. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია დაწინაურება, დაგეგმეთ, როგორ უნდა მიაღწიოთ ამას: წამოიწყეთ ახალი პროექტები, შესძინეთ თქვენს კომპანიას ახალი მომხმარებლები ან გაიარეთ ლიდერობის ონლაინ კურსი, რაც თქვენს სამუშაო უნარებს ერთიორად გააუმჯობესებს.

2. იპოვეთ მენტორი

მენტორს შეუძლია სხვადასხვა მხრიდან გააანალიზოს ინფორმაცია, დაამყაროს კავშირები და შემოგთავაზოთ რამდენიმე გეგმა მაშინ, როდესაც საქმე რთულდება. იმისთვის, რომ მსგავსი მენტორი შეარჩიოთ, ხანგრძლივად გაესაუბრეთ, მოინიშნეთ ის მიზეზები, რის გამოც მისი არჩევა გსურთ, გამოკვეთეთ მთავარი იდეა, რას მიაღწევთ მენტორთან ერთად და რა სამუშაოს შესრულებას აპირებთ კოლაბორაციით.

3. „აღადგინეთ საზღვრები“

როდესაც ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და თან ვმუშაობთ, საქმის და პირადი ცხოვრების გამიჯვნა თითქმის შეუძლებელია. ეს კი პროფესიაში აუცილებლად გამოიწვევს მინიმუმ დემოტივაციას. ასე რომ არ მოხდეს და თან ოჯახის სრულყოფილი წევრიც იყოთ, დაადგინეთ საზღვრები თქვენს დამსაქმებელთან, ოჯახთან და საკუთარ თავთანაც კი; ამისთვის საჭიროა, დროის სწორი მენეჯმენტი.

4. აითვისეთ ახალი უნარ-ჩვევა

გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ახალი საქმიანი უნარ-ჩვევის შესწავლა თქვენს რეზიუმეს კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავს გახდის, მისი ათვისების პროცესი ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ და ენერგიას შეგმატებთ. დღეს უამრავი ონლაინ კურსი არსებობს კარიერული წინსვლისთვის, რისი ცდაც რთული და დაძაბული წლის შემდეგ ნამდვილად ღირს.

5. გახდით ლიდერი

ნებისმიერ პროფესიაში პასუხისმგებლობის აღება საქმის წარმართვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მაგრამ ამის გაკეთება დისტანციურად რთულია, მით უფრო მაშინ, როდესაც მენეჯერულ თანამდებობას არ იკავებთ. ამ პოზიციის მისაღებად კი, მთავარია სწორად და დაგეგმილად აქტიურობა. დაუკავშირდით გუნდის წევრებს, გაარკვიეთ, რა საჭიროებები აქვთ მათ და დაგეგმეთ პრობლემების გადაჭრის გზები. ასეთი უნარების წარმოჩენა, გუნდში, ასევე, თქვენს ლიდერობას განამტკიცებს.