მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: იაფი მოგზაურობის ეპოქა დროებით დასრულებულია

5eb04a9780a87
მარიამ ადამია
05.05.20 00:00
15778
სოციალური დისტანცია და საჰაერო ფრენა ფაქტობრივად ურთიერთსაწინააღმდეგო ტერმინია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი ბიუჯეტურ მოგზაურობაზე გვაქვს, რადგან პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც ქვეყნები საზღვრებს გახსნიან და აღდგება მიმოსვლა, ავიაკომპანიებს მოუწევთ დამატებითი სახსრების გამოყოფა უსაფრთხოების ზომების დასაცავად და გასამკაცრებლად. ასევე, სასტუმროებსა და სატრანსპორტო კომპანიებს მოუწევთ ოპერირების სრულიად ახალ მოდელზე გადასვლა. ამის შესახებ CNN წერს.

თვითმფრინავში სავალდებულო გახდება დისტანცირების დაცვა, რის გამოც ადგილების რაოდენობა შემცირდება და ეს ყველაფერი განაპირობებს ბილეთის ფასის მატებას. პანდემიამდე, ავიაკომპანიები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ბორტზე დატვირთულობის მაჩვენებელი გაეზარდათ, ავიწროვებდნენ დასაჯდომ ადგილებს, რომ მეტად ტევადი გამხდარიყო ბორტი და თვითმფრინავს უფრო ბევრი ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობა ჰქონოდა. დღეს კი, კომპანიებს პირიქით, სავარძლების გაუქმება და რადიკალურად საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება უწევთ, რაც მათ ფინანსურ მაჩვენებლებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალური და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე დე იუნიაკი აცხადებს, ავიაკომპანიებს მხოლოდ ორი გამოსავალი რჩებათ: ან არ იფრინონ, ან შეასრულონ ფრენები, თუმცა გაძვირებული ტარიფებით. ეს გაძვირება კი დაახლოებით 50%-იან მატებას ნიშნავს. ანუ გამოდის, რომ იაფი მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია.

ავიაკომპანიები ამ პერიოდში მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები და დაიცვან საკუთარი მგზავრები გადაფრენის დროს. მაგალითად, Jetblue-ის, Air Canada-ის, Lufthansa-სა და კორეული ავიაკომპანიის შემთხვევაში უკვე ცნობილია, რომ ფრენის დროს პირბადის მოხსნა კატეგორიულად აიკრძალება. ემირატების წარმომადგენლობა, ამცირებს ბორტზე ნივთებისა და ჩანთების ატანის ლიმიტს. Qatar Airways-ი თერმო სკრინინგს განახორციელებს ბორტზე. ასევე შეიცვლება ყველგან საკვების მიწოდების სერვისი, უქმდება სავარძლის უკანა ჯიბეში ჟურნალების განთავსება. ხოლო ბორტგამცილებლებს, მოუწევთ რეისებზე კომბინიზონით ყოფნა.

ამასთან, არსებობს იმედი, რომ გაცილებით იაფი საავიაციო საწვავი ანაზღაურებს დამატებით ხარჯებს ავიაკომპანიებისათვის, რაც ფასების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით მომხმარებლების მოზიდვის საწყის ეტაპზე.

თუმცა მიუხედავად მიღებული ზომებისა, ექსპერტების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ ავიაცია და სოციალური დისტანცია ერთად წარმოუდგენელია და ვერც შუა სავარძლის გაუქმება გადაჭრის პრობლემას. ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან, საჰაერო მიმოსვლა აღდგება და ისევ დავიწყებთ ფრენებს მსოფლიოს გარშემო, თუმცა ამბობენ, რომ მოგზაურობა უწინდებური აღარასოდეს იქნება.