მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: უნდა მოიხსნას თუ არა პირბადის ტარების ვალდებულება და ტესტირება თვითმფრინავში?

62441d123e1d4
მარიამ ადამია
30.03.22 21:25
855

პირბადის ტარების ვალდებულება, რომელიც ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში ცხოვრების წესად გვექცა, აშშ-ში ეტაპობრივად იხსნება და თვეზე ნაკლებ პერიოდში, სავარაუდოდ ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის თვითმფრინავებშიც გაუქმდება. ამ მოთხოვნით, ავიაკომპანიები, მათ შორის Delta, United და Southwest -ი, ასევე სატვირთო გადამზიდავები, გაერთიანდნენ და  ნიღბების ტარების ვალდებულებისა და ტესტირების წესის დროულად მოხსნა მოითხოვეს.

”დადგა დრო, რომ Covid-ის ეპოქის სატრანსპორტო პოლიტიკა შევცვალოთ”,- ამ სათაურით თეთრ სახლს ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა წერილიც გაუგზავნეს. თუმცა პრობლემა არა მხოლოდ სამთავრობო უწყების მხრიდან გადაწყვეტილების დაგვიანება, არამედ თავად ადამიანების განსხვავებული დამოკიდებულებაცაა, რაც ნათლად ჩანს ზოგიერთ რეისზე, სადაც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით საუბარი, ხშირად მწვავე კონფლიქტამდე მიდის, ხოლო ბორტგამცილებლები, რომლებიც ფედერალური წესების დაცვასა და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობენ, უპრეცედენტო აგრესიის ქვეშ ექცევიან. 

უნდა მოიხსნას თუ არა პირბადის ტარების ვალდებულება და ტექსტირება თვითმფრინავში? 

როგორც ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები განმარტავენ, უპირველესი წესი არის ის, რომ მოგზაურებმა თავად დაიცვან უსაფრთხოების ზომები, ხოლო წესები შეიძლება ეტაპობრივად შემსუბუქდეს, ან აღდგეს, რაც კოვიდ შემთხვევების სტატისტიკაზეა დამოკიდებული.  გამოცემა CNN-ის ჯანდაცვის მიმართულების ანალიტიკოსი, ლეანა ვენი ამბობს, რომ ნიღბის ტარების ვალდებულებისა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ფრენის წინ ტესტირების გაუქმებას აქვს აზრი მხოლოდ აცრილებისთვის, რაც დანარჩენებისთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იქნება, რომ აიცრან. თუმცა ავიაკომპანიების მიერ გაგზავნილ წერილში,  განურჩევლად მოქალაქეობისა თუ ვაქცინაციის სტატუსისა, საუბარია ყველა მგზავრზე. 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების თქმით, ამ ვალდებულების მოხსნა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საავიაციო და ტურიზმის სექტორის გამოცოცხლების მიზნით. ხოლო კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა, გულისხმობს თვითმფრინავში, ცალკე სექტორის შექმნას, სადაც იმ ადამიანებს განათავსებენ, რომლებსაც დამატებითი დაცვა და უსაფრთხოება ესაჭიროებათ. 

”თუკი ადამიანებს უფლება აქვთ, ტესტირების პასუხისა და  ნიღბების გარეშე შეიკრიბონ ხალხმრავალ რესტორნებში, სკოლებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, სადაც არ არსებობს ჰაერის ფილტრაციის ისეთი დამცავი სისტემა, როგორიც თვითმფრინავებს აქვთ, მაშინ ეს ავიაკომპანიების შემთხვევაში აზრს მოკლებულია,” - ნათქვამია პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში.