მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია, რა მოცულობის დეპოზიტებს ინახავენ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში

645a232c381b2
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.23 14:39
3548
2022 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მიგრაციული ტალღა იყო - ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში რუსეთის 62 ათასი; უკრაინის 21 ათასი და ბელარუსის 13 ათასი მოქალაქე ემიგრირდა.

მიგრაციულ ტალღას მათ მიერ ქართულ ბანკებში დეპოზიტების ზრდა მოჰყვა. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ უცხოელთა შორის საქართველოში ყველაზე მეტი დეპოზიტი რუსეთის მოქალაქეებს აქვთ გახსნილი. თუკი 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 567 მილიონ ლარს ინახავდნენ, 2022 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 2.42 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 327%-იანი მატებაა.

მთლიანობაში უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 6.55 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ, საიდანაც 37% რუსეთის მოქალაქეთა კუთვნილი თანხებია. ამასთან, 2022 წელს ეს სადეპოზიტო პორტფელი 2.5 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ამ 6.55 მილიარდი ლარიდან უკრაინის მოქალაქეების დეპოზიტები 393 მილიონი ლარია, ბელარუსის მოქალაქეთა დეპოზიტები კი 196 მილიონი ლარი იყო.

ბანკებს შორის უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტების ⅔ საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკზე მოდის.

რაც შეეხება მთლიანად ფიზიკური პირების სადეპოზიტო პორტფელს, ის 23.2 მილიარდ ლარს შეადგენს, შესაბამისად მასში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებს 28%-იანი წილი უჭირავს.