29.ივნისი .2020 15:49

ცნობილია წესები, რომლითაც მთავრობა დეველოპერებისგან 200 მილიონის ბინებს იყიდის

views 650
უკან

საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვალდებულებას იღებს “დააზღვიოს” 200 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ფონდი. ამ პროგრამის ფარგლებში დეველოპერები მთავრობას შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, წარუდგენენ ცალკეულ სამშენებლო პროექტებს (მრავალბინიან კორპუსებს), რის შემდეგად, მთავრობა “დააზღვევს” მიმდინარე მშენებლობას, დაზღვევას კი, ექნება გარანტიის სახე. ამ გარანტიის პირობებში მთავრობა თითოეული კორპუსის მაქსიმუმ 30%-ის ფართობის ბინებს შეიძენს. ჯამურად, გაცემული გარანტიების მოცულობა 200 მილიონი ლარი იქნება. სახელმწიფო შემდგომ ამ ბინებს დევნილ ოჯახებს გადასცემს. 

სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თანახმად, დეველოპერებსა და მთავრობას შორის 200 მლნ-ის გარანტიის გადაცემის საკითხი ასე დარეგულირდება:

პროგრამის ტერმინთა განმარტება

ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

ბ) კომისია – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კომისია, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებული მენაშენე(ებ)ის გამოვლენას, რომელთანაც უნდა გაფორმდეს საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება;

გ) მენაშენე ნებისმიერი კერძო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპოვებული აქვს მოქმედი მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მიზნით უძრავ ქონებაზე, რომელიც საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აქვს მას ან რომლის მესაკუთრესთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც უფლებას ანიჭებს აწარმოოს მშენებლობა ამავე უძრავ ქონებაზე. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისთვის მენაშენეს არ წარმოადგენს პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვა, გადაცემული აქვს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის წინაშე ვალდებულებების შესრულების პირობით და ვალდებულებების შესრულება არ არის დადასტურებული;

დ) საკონკურსო წინადადება – კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, მენაშენის მიერ კომისიისათვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც შეიცავს ამ პროგრამის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციას;

ე) საცხოვრებელი ფართი – სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული და მენაშენის მიერ მშენებლობის დასრულების შემდგომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი;

ვ) საექსპერტო დასკვნა – სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა;

ზ) აუდიტორული კომპანია – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმა;

თ) შეთავაზებული ფასი – კონკურსის მონაწილის მიერ საკონკურსო წინადადებით შეთავაზებული 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ფასი, თბილისში არაუმეტეს 1700 (ათას შვიდასი) ლარისა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 1700 (ათას შვიდასი) ლარისა და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლის ოდენობით;

ი) გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება – სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ შესაბამის მენაშენეს შორის ამ პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობებით გაფორმებული საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება.

მუხლი 3. პროგრამის პირობები

1. გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო, კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა.

2. საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული საკონკურსო ბიუჯეტით. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმეჯერ თუმცა იმ პირობით, რომ ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 (ორასი) მილიონ ლარს.

3. შეთავაზებული ფასის ზედა ზღვარის დადგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტისათვის – საერთო კოეფიციენტი.

4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მენაშენეებს. კომისია, გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებით პირობად მიიჩნევს ყველაზე დაბალ შეთავაზებულ ფასს. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის ავტორი იმდენი მონაწილე (რიგითობის მიხედვით), რამდენი მონაწილის მიერ გაყიდვის ოფციით სარგებლობის შემთხვევაშიც შესასყიდი ბინების საფასური დაიფარება საკონკურსო ბიუჯეტით.

5. თუ კონკურსში გამარჯვებულმა დაარღვია ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, იგი ავტომატურად კარგავს კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს. ამ შემთხვევაში კომისია იმსჯელებს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი კონკურსანტის გამოვლენაზე შემდეგი წესით:

ა) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი მხოლოდ ერთი კონკურსანტი, მას ეგზავნება შეტყობინება კონკურსში გამარჯვების თაობაზე და მოწვევა გაყიდვის ოფციის გასაფორმებლად საკონკურსო ბიუჯეტის ფარგლებში;

ბ) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი რამდენიმე კონკურსანტი, მათ მიეცემათ წინადადება ხელახლა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები, მათგან ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის წარმდგენი კონკურსანტის გამოვლენის მიზნით ამავე პროგრამით განსაზღვრულ ვადებში.

მუხლი 4. საკონკურსო წინადადება და მენაშენის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია

1. საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს მენაშენის მიერ ასაშენებელ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების 1 კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასის შეთავაზებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ პროგრამის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობას.

2. საკონკურსო განაცხადში მითითებული უნდა იყოს კონკურსში მონაწილის ელექტრონული ფოსტის მისამართი და განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის:

ა.ა) წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ა.ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ა.გ) უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;

ა.დ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;

ა.ე) ცნობა სასამართლოდან, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

ა.ვ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;

ა.ზ) ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე;

ა.თ) ცნობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობებისათვის:

ბ.ა) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ბ.ბ) ხელშეკრულებით უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;

ბ.გ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან ამხანაგობის რეგისტრაციისა და მის რეორგანიზაციაზე/ლიკვიდაციაზე საქმის წარმოების არ მიმდინარეობის თაობაზე;

ბ.დ) ცნობა სასამართლოდან, რომ ამხანაგობის მიმართ არმიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

ბ.ე) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამხანაგობის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;

ბ.ვ) ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე;

ბ.ზ) ცნობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ;

გ) კონკურსში მონაწილეობისათვის მენაშენეების მიერ წარსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:

გ.ა) მოქმედი მშენებლობის ნებართვის ასლი და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ შორის, უძრავ ქონებაზე მენაშენის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.ბ) მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD დისკზე);

გ.გ) მშენებლობის დასასრულებლად აუცილებელი, დარჩენილი სამუშაოების ჩამონათვალი და ამ სამუშაოთა შესრულების მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ვადები;

გ.დ) საექსპერტო დასკვნა მიმდინარე ან დასრულებული მშენებლობის კონსტრუქციული მდგრადობისა და მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის შესახებ.

3. კონკურსის მონაწილე, საკონკურსო წინადადების შეტანით, ამავდროულად ადასტურებს თანხმობას კონკურსის პირობებზე.

მუხლი 5. კონკურსის ჩატარების წესი

1. საკონკურსო ბიუჯეტის საფუძველზე კონკურსს აცხადებს და ორგანიზებას უწევს სააგენტო. კონკურსი ცხადდება სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (www.nasp.gov.ge) საშუალებით. კონკურსი ასევე, შესაძლებელია გამოცხადდეს ნებისმიერი სხვა ინტერნეტ გვერდისა ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით.

2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება:

ა) საკონკურსო წინადადებების წარდგენის წესი, ვადები და საკონკურსო ბიუჯეტი;

ბ) საკონკურსო წინადადებების განხილვის ვადები;

გ) ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია.

3. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების საფუძველზე, კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ს გამოავლენს კომისია.

4. კონკურსის მონაწილეს საკონკურსო წინადადება შეაქვს სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი, 0179, გამზირი ი. ჭავჭავაძე, №49ა.) დალუქული კონვერტით.

5. კომისიის სხდომის ჩატარებამდე დალუქული კონვერტები ინახება სააგენტოში. საკონკურსო წინადადება გადაეცემა კომისიას, რომელიც ხსნის კონვერტებს და შეისწავლის, თუ რამდენად სრულყოფილად არის წარდგენილი თითოეული საკონკურსო წინადადება.

6. საკონკურსო წინადადებების შესწავლის შედეგად, კომისია უფლებამოსილია, ელექტრონული ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით მოსთხოვოს მენაშენეს საკონკურსო წინადადების/დოკუმენტაციის დაზუსტება შეტყობინების გაგზავნიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რაც არ აჩერებს საკონკურსო განაცხადების განხილვის ვადას. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მენაშენის საკონკურსო წინადადება ეთიშება კონკურსს.

7. სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიხედვით შეთავაზებული ფასის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის შედარებადობის უზრუნველყოფის მიზნით, საკონკურსო კომისია, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის საექსპერტო დასკვნის დაკვეთის თაობაზე. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს საკონკურსო კომისიის ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება.

8. სრულყოფილი დოკუმენტაციის მქონე საკონკურსო წინადადებების საფუძველზე, კომისია იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის თაობაზე.

9. კომისიის გადაწყვეტილება ცხადდება სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (www.nasp.gov.ge) საშუალებით.

10. კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ს ეგზავნებათ მოწვევა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

11. კომისიის გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს სააგენტო.

12. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიიღოს კონკურსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულება. კონკურსის შეწყვეტა არ ანიჭებს არანაირ უფლებას/მოთხოვნას (მათ შორის დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნას) კონკურსში მონაწილეს/კონკურსში გამარჯვებულს. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (www.nasp.gov.ge) საშუალებით.

მუხლი 6. კონკურსში გამარჯვებულ პირთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების გაფორმება და ძალაში შესვლა

1. კონკურსში გამარჯვებულის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში კონკურსში გამარჯვებულ მენაშენესა და სააგენტოს შორის ფორმდება საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კონკურსში გამარჯვებულის მიერ გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების არ გაფორმება მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად. ამ შემთხვევაში შესაბამისი მენაშენე კარგავს კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს.

3. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა, სააგენტოსთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) თვის ვადაში კომისიას უნდა წარუდგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში გამარჯვებულ შესაბამის მენაშენეს გააჩნია მშენებლობის პროექტის, რომელზეც მოპოვებულია მშენებლობის ნებართვა, განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების 90%-ზე ხელმისაწვდომობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის დადებული გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება ავტომატურად კარგავს ძალას, ხოლო კონკურსში გამარჯვებული მენაშენე – კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს.

მუხლი 7. გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პირობები

1. სააგენტოსა და შესაბამის კონკურსში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პირობებად განისაზღვრება სააგენტოს ვალდებულება, სახელმწიფოს სახელით, გააფორმოს კონკურსში გამარჯვებულთან საცხოვრებელი ფართების ნასყიდობის ხელშეკრულება ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით, შემდეგი წინაპირობების არსებობისას:

ა) კონკურსში გამარჯვებულმა სააგენტოს გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში;

ბ) გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის გასხვისებული უნდა იყოს სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მრავალბინიანი სახლის საცხოვრებელი ფართების არანაკლებ 20%;

გ) საცხოვრებელი ფართი შესყიდვის დროისათვის უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მენაშენის საკუთრება, რაც უნდა დადასტურდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი ამონაწერით და საცხოვრებელ ფართსა და/ან მის შესაბამის წილობრივ მიწის ნაკვეთზე არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის, საცხოვრებელი ფართის ნივთობრივ და უფლებრივ ნაკლში არ ჩაითვლება კრედიტის გამცემი ფინანსური ინსტიტუტის იპოთეკის უფლება საცხოვრებელ ფართზე, თუკი მენაშენე წარადგენს ფინანსური ინსტიტუტის მიერ წერილობით გაცემულ თანხმობას, ნასყიდობის ღირებულების ფინანსური ინსტიტუტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, საცხოვრებელ ფართზე იპოთეკის მოხსნის შესახებ;

დ) მრავალბინიანი სახლი, უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) კონკურსში გამარჯვებულის მიერ სააგენტოსათვის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით წარდგენილ წინადადებას თან უნდა დაერთოს:

ე.ა) აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა(ები) ან საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ შემოთავაზებული საცხოვრებელი ფართები აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-8 მუხლით განსაზღვრულ პირობებს და გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის გასხვისებულია სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მრავალბინიანი სახლის საცხოვრებელი ფართების არანაკლებ 20%.

ე.ბ) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

ე.გ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ე.დ) ინფორმაცია საცხოვრებელ ფართებზე, რომლის გაყიდვის ოფციითაც სარგებლობს კონკურსში გამარჯვებული.

2. გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ შესასყიდი საცხოვრებელი ფართების ჯამური ფართობი, თითოეული კონკურსში გამარჯვებულის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს საკონკურსო წინადადების წარმოდგენის მომენტში სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული თითოეული მრავალბინიანი სახლის ჯამური საცხოვრებელი ფართის 30%-ს, თუმცა კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია ისარგებლოს გაყიდვის ოფციით უფრო მცირე ფართზე.

3. კონკურსში გამარჯვებულის მიერ გაყიდვის ოფციის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული შესასყიდი საცხოვრებელი ფართების 1 კვ.მ.-ს ფასი განისაზღვრება მის მიერ საკონკურსო წინადადებით შეთავაზებული ფასის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა