მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ის ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები 1 მაისიდან მეცხვარეებს უფასოდ ემსახურებიან

6270ccbb22394
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.22 10:48
747
ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილების დაწყების პარალელურად, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე მუშაობა განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მეცხვარე ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს. 

კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში, დღეისათვის, უახლესი სტანდარტების 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს. პუნქტებზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი; ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.