21.ოქტომბერი .2019 20:30

Coca-Cola-ს შემოსავალი 150 მილიონ ლარამდე გაიზარდა

views 527
უკან

საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა "კოკა-კოლამ" 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი 13.3%-ით გაიზარდა და მან 150,185,000 ლარი შეადგინა. 

კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" წმინდა მოგებამ 2018 წელს 19,155,000 ლარი შეადგინა, ეს 2017 წელს არსებულ 5,639,000 ლართან შედარებით სამჯერ მეტია. 

კომპანიის აქტივების ღირებულება 208,931,000 ლარს შეადგენს და მისი 87.47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. 

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" Coca-Cola Company-სთან გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, აწარმოებს არაერთი სავაჭრო დასახელების პროდუქციას, როგორიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola Without Sugar, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Bonaqua, Burn და Fuse Tea. ამასთანავე, ფლობს ლიცენზიას თუნუქის ქილებში ჩამოასხას და სარეალიზაციოდ გაიტანოს ნაწარმი აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზეც. კომპანიაში 439 ადამიანი მუშაობს.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის ნოემბერში "კოკა-კოლამ" ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას გერმანიის საინვესტიციო კორპორაცისთან (“DEUTSCHE INVESTITIONS - UND ENTWICKLUNGSGESELLSCHAFT MBH (DEG)”), რომლის ფარგლებშიც ის 10 წლიანი ვადით 18 მილიონი ევროს სესხს მიიღებს. ამ თანხიდან ორი ტრანში (12 მლნ ევრო და 3 მლნ ევრო) 2019 წლის თებერვალ-აპრილში ჩაერიცხა კომპანიას, რა თანხაც მუხრანის ველზე ახალი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობას მოხმარდა. 

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" გაზიანი სასმელებისთვის საწირო ძირითად ნედლეულს - კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება. 2018 წლის 31 დეკემბერს კომპანიამ მიიღო შეთანხმების ერთწლიანი გაგრძელება 2019 წლის 31 დეკემბრამდე.