მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coinbase-ი ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ - ვინ იცავს მხარეთა უფლებებს?

633bed21be216
გიორგი არონია
04.10.22 13:13
1349

ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი კრიპტობირჟა Coinbase-ი ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ საქმეში ჩართული ერთ-ერთი ქართველი მომხმარებლისგან მოიპოვა. საინტერესოა, რომ აღნიშნული საქმე 30 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა კრიპტობირჟაზე არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 290 ლარად შეფასდა, როცა რეალურად, ერთი ამერიკული დოლარი 2.9 ლარი ღირდა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, ქართული კრიპტოკომუნის რამდენიმე ასეულმა წევრმა საკუთარი კრიპტოაქტივები ბირჟიდან გაზრდილი ღირებულებით გამოიტანა - მათმა ნაწილმა კი, თანხის განაღდებაც მოახერხა. Coinbase-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, საუბარია კრიპტობირჟის მომხმარებელთა ჯამური რაოდენობის 0.001%-ზე ნაკლებ მომხმარებელზე. როგორც Coinbase-ის ვებგვერდიდან ვიგებთ, კრიპტობირჟას 130 მილიონზე მეტი ვერიფიცირებული მომხმარებელი ჰყავს. ამგვარად, ზემოხსენებული ხარვეზით ვაჭრობა 1030-ზე ნაკლებმა ადამიანმა შეძლო. ამგვარი გზით დაუფლებული თანხების ჯამური მოცულობა, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ, როგორც BM.GE-სთვის ხდება ცნობილი, საქმე 100 მილიონ ლარზე დიდ თანხას ეხება.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს შემდეგ Coinbase-სა და ქართველ მომხმარებლებს შორის ოფიციალური კომუნიკაცია ორჯერ შედგა. პირველად, კრიპტობირჟამ მომხმარებლებს არასწორი გაცვლითი კურსით გატანილი თანხების დაბრუნება მოსთხოვა, რისთვისაც დრო სამ ოქტომბრამდე მისცა. დააბრუნა თუ არა ეს თანხა ვინმემ, ჩვენთვის, ამ ეტაპზე უცნობია. მოგვიანებით, Coinbase-ის ქართველმა მომხმარებლებმა კიდევ ერთი ოფიციალური წერილი მიიღეს, ამჯერად ქართული იურიდიული კომპანიისგან, რომელიც ამ საქმეში კრიპტობირჟის ინტერესებს იცავს. აღნიშნულ წერილს, უცვლელად გთავაზობთ:

„Coinbase-ის ძვირფასო მომხმარებელო, გაგრძელებად წერილისა, რომელიც Coinbase-ის იურიდიული დეპარტამენტისგან ერთი კვირის წინ მიიღეთ, გაცნობებთ, რომ Coinbase-ი ამ საკითხთან დაკავშირებით შეუსაბამოდ დაუფლებული თანხების ამოსაღებად დაგვიკავშირდა. როგორც გესმით, თქვენ მიერ აღნიშნულ ელექტრონულ წერილზე პასუხის არგაცემა მხოლოდ ამძაფრებს თქვენს შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენი მხრიდან არაკეთილსინდისიერად ქცევითა და უფლებების გადაჭარბებით არის გამოწვეული. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Coinbase-ს გადაწყვეტილი აქვს, შეუსაბამოდ დაუფლებული თანხების, რაც შეიძლება სწრაფად ამოსაღებად ყველა შესაძლო სამართლებრივი გზა გამოიყენოს და იმ შემთხვევაში, თუ თანხებს Coinbase-ის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე სრულად და უპირობოდ არ დააბრუნებთ, ვიტოვებთ უფლებას სამართლებრივი დავა თქვენი შეტყობინების გარეშე დავიწყოთ. შესაბამისად, გთხოვთ აღიქვათ ეს წერილი, როგორც ასეთი სამართლებრივი დავის დაწყებამდე არსებული უკანასკნელი გაფრთხილება. ჩვენი რეკომენდაციაა, არსებული თანხები მყისიერად დააბრუნოთ, რითაც თანხების იძულებითი ამოღების ფინანსურ და სამართლებრივ შედეგებს თავიდან აირიდებთ.

პატივისცემით, Coinbase-ის სახელით ღვინაძე და პარტნიორები“.

როგორც გაირკვა, Coinbase-ის უფლებებს ამ შემთხვევაში ქართული იურიდიული კომპანია, „ღვინაძე და პარტნიორები“ იცავს. BMG ცხადია, ამ კომპანიას დავუკავშირდa - იურიდიულ კომპანიაში საქმეში მონაწილეობა დაგვიდასტურეს, მაგრამ კომენტარზე უარი გვითხრეს. ამასთანავე, ჩვენ საქმეში მონაწილე მეორე მხარესაც დავუკავშირდით. ამ დავაში, ქართველ მომხმარებელთა ნაწილს “კრიპტო ბაზრის” დამფუძნებელი და იურისტი ავთანდილ კუჭავა იცავს. კუჭავას თქმით, მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან.

„ამ ეტაპზე, ტრეიდერთა მცირე ჯგუფს წარმოვადგენთ. რეალურად, შეხება გვქონდა 300-ზე მეტ "ქეისთან", რომელთაგან ავარჩიეთ ის ქეისები, რომლებიც გვაინტერესებდა და რომელთა მეორე მხარეს, რისკები გააზრებული აქვს. ამ ეტაპზე, საქმე შემდეგია: Coinbase-ის მხრიდან გაფრთხილებები მოვიდა, მათ შორის მუქარანარევი წერილებიც. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, მაგრამ პასუხი, ჯერჯერობით, არ მიგვიღია - ველოდებით მოლაპარაკებების დაწყებას.

ჩვენ, როგორც კეთილსინდისიერმა მომხმარებლებმა, გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომელსაც ბევრი Coinbase-ის შეცდომას უწოდებს და შეიძლება მას ასეც დავარქვათ, მაგრამ ამ ეტაპზე, Coinbase-ს არ უღიარებია ეს, როგორც შეცდომა. ამ შემთხვევას, Coinbase-ი “შეუსაბამოდ მიღებულ თანხებს” (ინგლ. Improperly Credited Funds) უწოდებს, მაგრამ ჩვენ ამ ტერმინებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა გვაქვს. ამგვარად, თუ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, პირველ რიგში, ტერმინია, თუ რას ვუწოდებთ ამ შედეგებს - ზოგადად შეგვიძლია შედეგი დავარქვათ, რომელშიც, ფაქტია, რომ მონაწილეობა ორივე მხარეს აქვს მიღებული. დასადგენია, თუ ვის უფრო დიდი ბრალი მიუძღვის. ამ თემაზე, ერთმანეთთან საუბარი და ამ საუბრით რაღაც შეთანხმებამდე მისვლა შეიძლება“, - აღნიშნავს კუჭავა BM.GE-სთან საუბრისას.

ავთანდილ კუჭავას მისი გუნდის კონკრეტული სამომავლო გეგმების შესახებ ვკითხეთ - ამასთანავე, მას საქმის არსებითად განვითარების დროის ჰორიზონტზეც ვესაუბრეთ. როგორც კუჭავა ამბობს, პოზიციაზე პასუხის გასაცემად მათ Coinbase-ს დრო 10 ოქტომბრამდე მისცეს.

„ჩვენს პოზიციაზე პასუხის გასაცემად Coinbase-ს დრო 10 ოქტომბრამდე მივეცით. სხვათაშორის, პასუხის გაცემა იმ დღესვე მოითხოვეს, რაც კითხვებს მიჩენს - თუ თვითონ იმ დღესვე ითხოვენ პასუხის გაცემას, რატომ არ შეიძლება მათაც იმავე დღეს გვიპასუხონ? ჩვენ უფრო გონივრულად და კეთილსინდისიერად ვიქცევით, ვიდრე კომპანია და უფრო გონივრულ ვადას ვაძლევთ - 10 ოქტომბრამდე პასუხის გაცემის მოთხოვნა ძალიან გონივრულია და ძალიან დიდი ვადაა იმისთვის, რომ წარმომადგენლებმა პასუხი გაგვცენ. თუმცა, ჯერჯერობით, პასუხს და გამოხმაურებას ველოდებით. ჩვენი ერთადერთი სტრატეგია ისაა, რომ, თუ პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს, ეს მხოლოდ ტრეიდერი არ უნდა იყოს. ჩვენ საერთოდ არ ვთვლით, რომ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, მაგრამ ვხვდებით, რომ მორიგების მთელი არსი კომპრომისებშია“, - ამბობს კუჭავა BM.GE-სთან საუბრისას.

იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, BM.GE პერიოდულად მიაწვდის მკითხველს.