მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს მოლაპარაკებები, რა პირობით გამოიყოფა კოვიდ-ვაქცინა საქართველოსთვის - გამყრელიძე

5f1ad299c5da5
BM.GE
24.07.20 16:15
1731
 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კოვიდ-ვაქცინა უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი, ვიდრე მედიკამენტი. როგორც ამირან გამყრელიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, ქართულ მხარეს უკვე აქვს მოლაპარაკებები შვედურ-ბრიტანულ კომპანიასთან, რომელიც მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, რა პირობით მიიღებს მას საქართველო.

„სადღაც 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, მაგრამ მათგან 10 გადის კლინიკურ კვლევას და აქედან 4 არის კლინიკური კვლევის მოწინავე, ანუ დამთავრების ეტაპზეა. ეს არის ოქსფორდის ვაქცინა, ამერიკაში შექმნილი ვაქცინა, ამერიკულ-გერმანული და კიდევ რამდენიმე ასეთი... მაინც ვფიქრობ, რომ ვაქცინა გარკვეული მოცულობებით ხელმისაწვდომი გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება.

ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, შვედურ-ბრიტანულ კომპანია „ასტრა ზენეკასთან“, რომელიც ოქსფორდის ჯგუფთან ერთად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში თუ იქნა ხელმისაწვდომი ვაქცინა რა პირობებით და როგორ გამოიყოფა ის საქართველოსთვისაც. და მეორე ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს ვაქცინების მთავარი საერთაშორისო კომპანია - ვაქცინების გლობალური ალიანსი (GAVI), რომელიც ქვეყნებს სხვადასხვა ახალი ვაქცინების დანერგვაში ეხმარება. ჩვენს ეროვნულ კალენდარში ბოლო 5 წლის განმავლობაში 4 ახალი ვაქცინა დავნერგეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის შემქნასთან დაკავშირებით მდგომარეობა უფრო რთულია.

„რაც შეეხება მედიკამენტს, აქ უფრო რთულად არის საქმე. ე.წ. პირდაპირი მოქმედების რამდენიმე მედიკამენტი, ახალი მოლეკულები კვლევის ფაზაშია, მაგრამ უფრო მეტი აქცენტი ე.წ. ძველ მედიკამენტებზეა, რომლებიც გამოიყენებოდნენ სხვადასხვა მიზნით და მათი დიდი კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, მაგალითისთვის ეს არის რემდესივირი, რომელიც ებოლასთვის შეიქმნა, დიდი გამოხმაურება აქვს დექსამეტაზონს და კიდევ შიდსის საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატს, რომლის გარკვეული ეფექტურობა დადასტურებულია. მაგრამ ჩემი აზრით, ვაქცინა უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.