მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

622763095c5e2
შოთა ტყეშელაშვილი
08.03.22 18:14
712
აშშ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ სანქციას საზოგადოებას დღეს წარუდგენს.

აკრძალვა შეეხება რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, გათხევადებულ ბუნებრივ აირს და რუსულ ნახშირს.

აკრძალვის მოლოდინში საწვავის ფასი კვლავ იზრდება. ნავთობის ფიუჩერსების საფასური დღეს 4%-ით გაიზარდა და 124 დოლარი გახდა. ეს 2008 წლის შემდე ნავთობის ყველაზე მაღალი ფასია.

რუსეთის ნავთობის და გაზის სექტორი აქამდე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში ძირითადად არ ექცეოდა, რაც მიზნად ისახავდა იმას, რომ ამ სანქციებს დასავლეთში მომხმარებლის ჯიბეზე რაც შეიძლება მცირე გავლენა მოეხდინა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეტევების გაძლიერების ფონზე, აშშ-მა უფრო მძიმე სანქციების მიღება გადაწყვიტა. აშშ-მდე რუსული ნავთობის იმპორტზე უარი კანადამ განაცხადა.

Bloomberg-ის თანახმად, 2021 წელს რუსული ნედლი ნავთობი აშშ-ის იმპორტის 8%-ს შეადგენდა. აშშ-სთან შედარებით ბევრად მაღალია რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება ევროკავშირში, რომლის ნავთობიმპორტის ერთი მესამედი სწორედ რუსეთზე მოდის. ევროკავშირი რუსეთიდან ყოველდღიურად 4 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს იღებს.

აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ამ კვირაში სწორედ კონგრესი გეგმავდა ამ სანქციის ინიცირებას. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსიმ კანონმდებლებისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ განიხილებოდა მკაცრი რეგულირების შემოღება, რომელიც რუსულ ნავთობიმპორტს აკრძალავდა.

პარალელურად, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ვენესუელასთან, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მარაგების მფლობელია.