მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონტენეგროს მთავრობა ციფრულ ვალუტას RIPPLE-თან თანამშრომლობით შექმნის

63d9003c2c008
გიორგი თოლორდავა
31.01.23 16:30
700
მონტენეგროს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის ცენტრალური ბანკი საკუთარ ციფრულ ვალუტას (CBDC) წამყვან კრიპტოკომპანია Ripple-თან თანამშრომლობით შექმნის.

Ripple-ის ყველაზე წარმატებული პროექტი მსოფლიოს რიგით მეექვსე უმსხვილესი კრიპტოვალუტა XRP-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 20 მილიარდ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ წამყვან კრიპტოაქტივებს შორის XRP ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიურია, რომელსაც ტრანზაქციების სისწრაფე და გამტარუნარიანობა გამოარჩევს.

კომპანია Ripple-ი ბლოკჩეინ და ციფრულ პროექტებს როგორც კრიპტოპლატფორმებისთვის, ასევე კომპანიების, ბანკებისა და სახელმწიფოებისთვისაც ქმნის, მონტენეგროს მთავრობასთან თანამშრომლობაც სწორედ ამის მაგალითია.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის შექმნაზე, იქნება ეს: აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი, მათ შორის, ციფრული ლარის შექმნაზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს.

კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, კრიპტოაქტივები კი საერთაშორისო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება, მათ უმეტესობას კი გარკვეული ფუნქციური დანიშნულებაც აქვს, მაგალითად: ეთერიუმზე, კარდანოსა და სოლანაზე ცალკეული ეკოსისტემების, NFT-ებისა და აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი.