მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - სამინისტრო

5f8ff49638391
ინგა მურუსიძე
21.10.20 16:13
1185
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც bm.ge-ის უწყებიდან აცნობეს, მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში, 51 ხიდზე და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 5 გვირაბი უკვე გაჭრილია.

„აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია რიკოთის არსებული საუღელტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა - 2023 წლისთვის.

ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ხოლო პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.