მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: ძირეული რეფორმებია საჭირო, რაც გმირობას მოითხოვს

6043978a2dd44
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.21 09:45
1059
#ForbesTalks-თან ინტერვიუში ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ყურადღებას ცალკეული დარგების განვითარების გრძელვადიანი ხედვების საჭიროებაზე ამახვილებს და პრემიერის მიერ დაანონსებული 10-წლიანი გეგმის შემუშავების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს.

„ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებისას კონსესუსი უნდა იყოს. ის საზოგადოებამ უნდა შექმნას და არა - ერთმა ადამიანმა. თუ ვინმე მიმიწვევს, ყველაფერში - ვერ, მაგრამ ტურიზმის და სოფლის მეურნეობის ჯგუფებში ჩავერთვები“, - ამბობს ის.

ბიზნესმენის აზრით, ქვეყანაში ძირეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო, რაც გმირობას მოითხოვს. „ისტორიაში ყველა რეფორმატორი გმირი იყო. ეს მარტივი არ არის. ამას სჭირდება დიდი ძალისხმევა და შრომა“,  - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

#ForbesTalks-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე გაამახვილა და თქვა, რომ ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია წყლის რესურსის ეფექტიანი გამოყენება და ირიგაციის საკითხების მოგვარება, რაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს.

„სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ-ის ყველაზე დიდი წილი მესაქონლეობასა და მერძევეობაზე მოდის. „ყვარლის ბაგაში“ დღიურად 70 ტონა საკვებს ვიყენებთ, დიდი ნაწილი იმპორტირებულია. რატომ უნდა ვყიდულობდეთ საქართველოში სიმინდს, ხორბალს, ქერს, როცა არის პოტენციალი, რომ იმპორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა და დასძინა, რომ მართალია, ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამები არსებობს და თავადაც არის ბენეფიციარი, მაგრამ „საჭიროა, უფრო გლობალური ხედვა“.

„მაგალითად, მერძევეობის დარგს მიხედონ ისე, როგორც - მეღვინეობას, რომელიც 25 წელია სუბსიდირდება; ქართველებმა უკვე დავლიეთ ყველა ღვინო, რაც დასალევი იყო და ახლა სჯობს, სხვა დარგს მივხედოთ.

ვფიქრობ, სახელმწიფოს მთავარი როლი არის ინფრასტრუქტურის მოწყობაში - ეს არის, მაგალითად, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ქვეყანაში ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს ყველაზე ხარისხიანი წყალი, რადგან ამის დიდი რესურსი გვაქვს, უბრალოდ, სათავე ნაგებობები უხარისხოდაა მოწყობილი. მაგალითად, ავსტრიაში როდესაც ჩადიხართ, ყველგან რეკლმაა, რომ იქ ონკანის წყალი ისმევა. კურორტ ტიროლში 6 მლნ ტურისტი ჩადის და აქვთ დეტოქს-პროგრამები არამარტო ზამთარში, არამედ ზაფხულში და ამ ყველაფერში მთავარი წყალია. ჩვენ ამხელა კავკასიონი და ულევი წყლის მარაგი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ... პრობლემებია ირიგაციაშიც - საქართველოში 1 ჰა-ზე 20-25 ტონა სიმინდი და ქერი მოჰყავთ; დღევანდელი ტექნოლოგიებით კი, შეგვიძლია ეს მოცულობა ძალიან პატარა მიწის ნაკვეთზე მოვიყვანოთ, თან გენმოდიფიცირების გარეშე. ამის შესაძლებლობა არის და რამდენიმე ათას ჰექტარზე საქართველოსთვის საკმარისი ბურღულეული შეიძლება მოვიყვანოთ და ა.შ.“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.