მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოტა სასაცილოა, რომ სტამბოლის ალტერნატიული ჰაბის შექმნაზე ვსაუბრობთ - ავიაციის ექსპერტი

6479f25a57535
მარიამ ვარადაშვილი
02.06.23 18:42
1198
მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგა, სოჭი-ქუთაისის მიმართულებაზე რუსულმა ავიაკომპანიამ ჩარტერული რეისების შესრულების ნებართვა მიიღო. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარე დიმიტრი გორინი Forbes-ის რუსულ რედაქციასთან საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებმა ქუთაისის აეროპორტი, საიდანაც ბიუჯეტური ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით ასრულებს ფრენებს, ტრანზიტული ფრენებისთვის გამოიყენონ.

საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი, გიორგი მოლოდინაშვილი BMGTV-ს გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც რუსეთის მოქალაქეებს ქუთაისიდან მგზავრობის დროს შეექმნება.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაკადი იქნება, რადგან მათ მოგზაურობაზე ბევრი შეზღუდვა აქთ დაწესებული. 

“აქ რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს: პირველი, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ სერიოზული პრობლემა ევროკავშირის ვიზებთან დაკავშირებით. გასული წლის სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზის გაცემა შეზღუდა. ამიტომ ცოტა სასაცილოა, როცა სტამბოლის ალტერნატიული ჰაბის შექმნაზე ვსაუბრობთ. რუსეთის მოქალაქეებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ ქუთაისის აეროპორტში საზღვარზე არიან ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც დეტალურად ამოწმებენ არა მხოლოდ ვიზის არსებობა/არარსებობას, არამედ მოგზაურობის მიზნებსაც.

ამიტომ, არ მგონია, რომ ქუთაისის გავლით მოგზაურობა მათთვის კომფორტული იქნება. ამას ემატება ისიც, რომ Wizz air არ ყიდის ბილეთებს იმ სისტემების მეშვეობით, რომლებითაც რუსეთის მოქალაქეები სარგებლობენ. მათ არ აქვთ წვდომა Visa; Mastercard-სა და სხვა საერთაშორისო გადახდის სისტემებზე. მათთვის Wizz air-ის ბილეთის შეძენა კომფორტული არ იქნება. ამას გარდა, ეს ავიაკომპანია საკუთარი კონცეფციიდან გამომდინარე ტრანზიტულ მგზავრებს არ ემსახურება. ამის გათვალისწინებით არ ვფიქრობ, რომ რუსეთიდან წამოსულ ნაკადებზე რაიმე გათვლა უნდა გავაკეთოთ. შესაძლოა პირველ რეისებს გარკვეული ეფექტი ჰქონდეს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ტრანზიტის სისტემა ვერ იმუშავებს”,-ამბობს მოლოდინაშვილი.

ის ასევე მიიჩნევს, რომ რუსულ კომპანიებზე ფრენის ნებართვის გაცემით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეპუტაციული ზიანი მიიღო.

“რეპუტაციული ზიანი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მიიღო. ვფიქრობ, ეს მხოლოდ რეპუტაციული ზიანის საკითხით არ შემოიფარგლება და ამას გაგრძელება სამწუხაროდ, ექნება. გარდა მარეგულირებლის რეპუტაციული ზიანისა, ყურადსაღებია ისიც, რომ 2010 წლიდან ევროკავშირთან ღია ცის პოლიტიკა გვაქვს. ეს საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, ულიმიტო სიხშირით და მიმართულებებით იფრინონ ევროკავშირის ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ კუთხითაც შეიქმნას გარკვეული პრობლემა. ბევრი უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირთან იმისთვის, რომ ამ ურთიერთობაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხით შესაბამისი სტრუქტურები დაკავდებიან”,-ამბობს მოლოდინაშვილი BMGTV-ში საუბრისას.